ახალი ამბები

პირველი ტურნირი მინიფეხბურთში არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 2002 წლის 7 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, არმიის სპორტული კომპლექსის (“სკა”) სპორტულ დარბაზში მიმდინარეობს პირველი ტურნირი მინიფეხბურთში საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს გაეროს ასოციაცის და მასში 8 ორგანიზაციის გუნდი მონაწილეობს. ეს ორგანიზაციებია: საქართველოს გაეროს ასოციაცია, ფონდი “ჰორიზონტი”, სტრატეგიული კვლევების ცენტრი, სამართლიანი არჩევნები, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”; ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი; ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და “ბავშვი და გარემო”.
 
ტურნირის მიზანს არა იმდენად სპორტული ჟინის დაკმაყოფილება წარმოადგენს, რამდენადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არაფორმალურ ატმოსფეროში კონტაქტებისა და ურთიერთობების გამყარება.
 
ტურნირი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, ორ ჯგუფში 8 გუნდი გაითამაშებს ნახევარფინალების საგზურს, ხოლო მეორე ეტაპზე, “პლეიოფის” სისტემით, გაიმართება ნახევარფინალური შეხვედრები და ფინალი, რომელიც პირველი ტურნირის გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

მსგავსი/Related

Back to top button