ახალი ამბები

საქართველომ და იტერამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

(თბილისი, 7 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოსთვის გაზის ერთადერთი მომწოდებელი რუსული ენერგოკომპანია იტერა და საქართველოს ხელისუფლება გაზის გამანაწილებელი ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბებაზე ვერ შეთანხმდნენ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძე გასულ კვირას მოსკოვში იტერას წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს დელეგაცია თბილისში 6 ოქტომბერს დაბრუნდა.

ადრე მიღწეული წინასწარი შეთანხმების თანახმად, ქართულ-რუსული ერთობლივი საწარმო საქგაზისა და ქვეყნის გაზის გამანაწილებელი 40 კომპანიის საფუძველზე უნდა შექმნილიყო. ადგილობრივი კომპანიებიდან 12 იტერას ეკუთვნის. ასევე იტერას სრულ საკუთრებას წარმოადგენს საქგაზი. ამ შეთანხმების თანახმად იტერა გაზის გამანაწილებელი ერთობლივი საწარმოს აქციების 51 პროცენტიანი პაკეტის მფლობელი ხდებოდა.

ქართული მხარის განცხადებით, იტერამ გაზზე ტარიფის მომატება მოითხოვა, რაც საქართველოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა. იტერას წარმომადგენლების მტკიცებით, შეთანხმების ჩავარდნა პოლიტიკური მიზეზებით იყო გამოწვეული.

ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობამ და ექსპერტებმა ეკონომიკის საკითხებში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტკეს იმის გამო, რომ იგი რუსული ენერგოკომპანიისთვის ქვეყნის გაზის გამანაწილებელი სისტემის მთლიანად გადაცემას აპირებდა.

მსგავსი/Related

Back to top button