ახალი ამბები

შევარდნაძემ და პუტინმა დაძაბულობა განმუხტეს

(თბილისი, 7 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 6 ოქტომბერს მოლდოვაში ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, ორივე პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრის შედეგების გამო და განაცხადა, რომ ისინი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხზე შეთანხმდნენ.

შევარდნაძე და პუტინი ორი ქვეყნის სპეცსამსახურების კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან და მისმა კოლეგამ მესაზღვრეების კოორდინირებულად მუშაობაზე მოილაპარაკეს. ეს თანამშრომლობა რუსეთ-საქართველოს შორის საზღვრის ერთობლივ გაკონტროლებასაც მოიცავს.  

შეხვედრის შდემდეგ რუსეთის პრეზიდენტს საქართველოში ტერორისტთა ბაზებზე შესაძლო თავდაცვითი დარტყმების განხორციელებაზე არ უსაუბრია. 11 სექტემბერს იგი საქართველოს ტერიტორიაზე ერთპიროვნული ოპერაციის განხორციელებით დაიმუქრა. 6 ოქტომბერს პუტინმა აღნიშნა, რომ მაშინ ის საქართველოში მყოფ ტერორისტებს ემუქრებოდა და არა მთლიანად საქართველოს.

“დროა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით წინ სერიოზული ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ საერთო გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე უთანხმოების მიზეზები”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ დანიშნონ სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთისა და საქართველოს კოორდინაციაზე იმუშავებენ.

მსგავსი/Related

Back to top button