ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში მორიგი პროვოკაციის მოლოდინშია

(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რუსეთი გამუდმებით ზრდის თავის სამხედროთა რაოდენობას აფხაზეთში.

“სოხუმი სავსეა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებით, რუსულ მასმედიაში კი ბოლო დროს აფხაზეთთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი მოწმობს, რომ მზადდება მორიგი პროვოკაცია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ.

ბოლო დროს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში აქტიურად ჩართვას ცდილობს აშშ. რამდენიმე დღის წინ თბილისში იმყოდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგანგებო დავალებათა ელჩი რუდოლფ პერინა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ამერიკის ადმინისტრაციის წინადადებები გადასცა.

საქართველოში დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მხარეს, შესაძლოა, არ აწყობდეს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში ვაშინგტონის გააქტიურება, ამიტომ ქართული მხარის წინააღმდეგ პროვოკაციები გამორიცხული არ არის.

მსგავსი/Related

Back to top button