ახალი ამბები

შიდა ქართლში შესაძლოა ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩატარდეს

სამართალდამცველი ორგანოები შიდა ქართლში სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების გააქტიურებას აპირებენ, რეგიონში უაღრესად მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო. არ არის გამორიცხული რომ მომავალში პანკისის მსგავსი, ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებაც გახდეს საჭირო. თუმცა შიდა ქართლში, რომლის შემადგენლობაშიც თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონიც შედის, ფართომაშტაბიანი ოპერაცია მრავალ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.

3 ოტომბერს გორში გამართულ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე გადაწყდა, რომ აუცილებელია შიდა ქართლში კრიმინალთა წინააღმდეგ ღონისძიებათა გააკტიურება, თუმცა სამართალდამცველები ჯერ-ჯერობით ფართო მაშტაბიანი ანტი-კრიმინალური ოპერაციის ჩატარებაზე არ საუბრობენ.

კოლეგიის სხდომაზე რეგიონალური პოლიციის ხელმძღვანელობამ შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს მოახსენა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში შიდა ქართლში 30 მკვლელობის ფაქტია აღრიცხული. განსაკუთრებულად საშიშ ზონად რჩება გორი-ცხინვალის საავტომობილო ტრასა, სადაც მხოლოდ წელს 40-მდე თავდასხმა მოხდა.

გორში შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტს წინ უსწრებდა შეიარაღებული თავდასხმა სოფელ ტყვიავში. 1 ოქტომბრის ღამის 12-ის ნახევარზე ორი შეიარეღებული დამნაშავე თავს დაესხა სოფელ ტყვიავის, რომელიც ცხინვალიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სასადილოში ერთ მაგიდასთან მსხდომ 4 პირს, რომელთაგან ორი დაიღუპა. სამართალდამცველთა ვარაუდით დამნაშავეებმა თავი ცხინვალის რეგიონს შეაფარეს.

ხოლო მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი კოლეგიის გაფართოებულ სხდომას ატარებდა, გორში თავს დაესხნენ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მეპატრონეს, რის შედეგადაც იგი მძიმედ დაიჭრა.

ქართველი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ რეგიონში კრიმინოგენული ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც გასულ ნოემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოევი გახდა.

იმ შემთხვევაში, თუ ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაცია გარდაუვალი გახდა, მაშინ ქართულ მხარეს ოს სეპარატისტებთან შეთანხმების მიღწევა მოუწევთ. ოსური მხარე უკვე გამოთქვამს უკმაყოფილებას ქართველი სამართალდამცველების გააქტიურების გამო.

როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები 4 ოქტომბერს ავრცელებენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, რომ ისინი არ დაუშვებენ რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ცხინვალის რეგიონში ღონისძიებები გაატარონ.

თუმცა საქართველოს ხელმძვანელობა, როგორც ჩანს, მის მიერ კონტროლირებად შიდა ქართლის ნაწილში ფართო მაშტაბიანი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა უკვე განიხილავს. როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ 1 ოქტომბერს განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ პანკისის მსგავსი ანტიკრიმინალური ოპერაცია საქართველოს სხვა კუთხეშიც ჩატარდეს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ კი 2 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობს პრეზიდენტის ბრძანება შიდა ქართლში მდგომარეობის გამოსასწორებლად ღონისძიებების გატარების თაობაზე.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button