ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლში ჩავიდა

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დღეს შიდა ქართლში ჩავიდა, სადაც ამჟამად უაღრესად დაძაბული კრიმინოგენული ვითარებაა.

“გორში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდება”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” შს სამინისტროს პრესმდივანმა პაატა გომელაურმა.

მინისტრმა მას შემდეგ მოინახულა შიდა ქართლი, რაც 1 ოქტომბერს ორმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა ცხინვალიდან 7 კილომეტრის მოშორებით ერთ-ერთ სოფელში ორი კაცი მოკლა, ხოლო ერთიც დაჭრა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ დამნაშავეები ცხინვალის მიმართულებით მიიმალნენ.

2 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შიდა ქართლში წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა შევარდნაძემ სპეციალური ბრძანება გასცა.

გამორიცხული არ არის, რომ პანკისის ხეობის მსგავსად ანტიკრიმინალური ოპერაცია შიდა ქართლშიც ჩატარდეს.

დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე:
შიდა ქართლში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

მსგავსი/Related

Back to top button