ახალი ამბები

შიდა ქართლში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 1 ოქტომბრის ღამის 12-ს ნახევარზე შეიარეღებული ორი ნიღბოსანი თავს დაესხა გორის რაიონის სოფელ ტყვიავის სასადილოში ერთ მაგიდასთან მსხდომ 4 პირს და ცეცხლი გაუხსნეს.

ადგილზე დაიღუპნენ სოფელ ტირძნისის მაცხოვრებლები ლალიაშვილი და სამადაშვილი. დაიჭრა სასადილოს დარაჯი, რომლის თქმითაც თავდასხმელები რუსულად ოსური აქცენტით საუბრობდნენ.

თვითმხილველთა თქმით, თავდასხმელებმა თავი ცხინვალს შეაფარეს. ქართველმა სამართალდამცავებმა რამოდენიმე პიროვნებაზე აიღეს ეჭვი და ოს კოლეგებს მათი დაკავების თხოვნით  მიმართეს.

შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოს უფროსი ნოდარ დალაქიშვილი არ გამორიცხავს შურისძიების მოტივს, რადგანაც თავდასხმა ძარცვა-ყაჩაღობის მიზნით არ განხორციელებულა.

გამოძიება მუშაობს იმ საკითხზეც, დაღუპულებს ჰქონდათ თუ არა შეხება ცხინვალთან მდებარე არალეგალურ ეკონომიკურ ანკლავ ერგნეთის ბაზართან, რის გამოც ქართველებსა და ოსებს შორის გაუგებრობე ხშირად მომხდარა. 

ბოლო პერიოდში შიდა ქართლში, რომელშიც ცხინვალის რეგიონიც შედის, კრიმინოგენული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მოიმატა მკვლელობებმა, ძარცვა-ყაჩაღობებმა, ადგილი აქვს ადამიანის გატაცებასაც.

ამ ვითარების გამო ოფიციალური თბილისი მხარეში პანკისი მსგავსი ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობაზე ალაპარაკდა. დაგეგმილია ქართველი და ოსი სამართალდამცავების შეხვედრის ცხინვალში გამართვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პაატა გომელაურის თქმით, თბილისი ამ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის მივლინების საკითხს განიხილავს.

ვარაუდობენ, რომ სამართალდამცველთა შეხვედრაზე ანტიკრიმანალურ ოპერაციასაც შეეხებიან. თუმცა, ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლება თბილისისი სურვილს აგრესიად აფასებს. თვითაღიარებული ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისის ანტიკრიმინალური ოპერაცია მის სუვერენეტს ლახავს.

თბილისი ამ მოსაზრებას აბსურდულს უწოდებს და ანტიკრიმინალ ოპერაციას მხოლოდ კრიმინოგენული მდგომარეობის გამოსაწორებელ ღონისზიებად მიიჩნევს.

მსგავსი/Related

Back to top button