ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორია კვლავ დაიბომბა

(თბილისი, 30 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გუშინ, 29 სექტემბერს, 14:15 საათზე საქართველოს ტერიტორია, კერძოდ კი საქართველო-რუსეთის საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთთან არსებული ასას ხეობა დაიბომბა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, დაბომბვა საარტილერიო საშუალებებით მოხდა.

სულ ორი აფეთქება დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. დაბომბილი ტერიტორია რუსეთის საზღვრიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. “დაბომბვის ფაქტს საქართველოში ეუთოს დამკვირველებიც ადასტურებენ”, აღნიშნა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა შალვა ლონდარიძემ.

“რადგანაც ჩვენს ჩრდილოეთით რუსეთი მდებარეობს, ბუნებრივია თუ მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორია სწორედ რუსეთმა დაბომბა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” შალვა ლონდარიძემ.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჩეჩენი მებრძოლები რუსეთში სწორედ ასას ხეობიდან გადავიდნენ, მოგვიანებით კი ისევ უკან დაბრუნდნენ. 


რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით “სივილ ჯორჯიას” კომენტარზე უარი განუცხადა.

მსგავსი/Related

Back to top button