ახალი ამბები

ქართული მხარისთვის საზღვრის მასობრივი დარღვევის შესახებ არავის უცნობებია

(თბილისი, 27 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ორასამდე შეიარაღებული ადამიანის საზღვარზე გადასვლა რუს მესაზღვრეებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ, ქართული მხარისთვის კი არავის არაფერი უცნობებია საქართველოს მხრიდან საზღვრის დარღვევის ფაქტების შესახებ, – განაცხადა 27 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ შსს-ში უშიშროებისა და შს მინისტრებთან ერთად გამართულ პერსკონფერენციაზე.

“საქართველო-ინგუშეთის საზღვარი გამაგრებულია ქართველი მესაზღვრეების მიერ და ქართული მხარე საზღვრის ამ მონაკვეთს სრულიად აკონტროლებს. რამდენიმე ასეული ადამიანის მიერ საზღვრის დარღვევის შესახებ კი ქართულ მხარეს არანაინი ინფორმაცია არ გააჩნია”, – აღნიშნა ჩხეიძემ.

მისი თქმით, როცა სახელმწიფო საზღვიდან 100 კილომეტრის შიგნით მიმდინარეობს ბრძოლები, ყველაფრის მოგონება და სხვებისთვის გადაბრალება შეიძლება. ჩხეიძემ რუსეთის მასმედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ ინგუშეთში შეტაკებებში მონაწილე ჩეჩნები საქართველოდან გადავიდნენ, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის ნაყოფი უწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button