ახალი ამბები

ჩეჩენ მებრძოლებთან ერთად ბრიტანელი ჟურნალისტი დაიღუპა

(თბილისი, 27 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 26 სექტემბერს ინგუშეთში რუსეთის ფედერალურ ჯარებსა და ჩეჩენ მებრძოლებს შორის მომხდარი შეტაკებისას ბრიტანელი ჟურნალისტი როდერიკ სკოტი დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ცნობას იმის შესახებ, რომ სკოტს საქართველოს ვიზა ჰქონდა, რომელიც ივნისში აიღო და რომელსაც ვადა 15 სექტემბერს გაუვიდა.

31 წლის როდერიკ სკოტი ლონდონის “ფრონთლაინ ტვ”-ისთვის მუშაობდა, რომელიც კონფლიქტის ზონებში ხშირად აგზავნის თავისუფალ ჟურნალისტებს.

“ჩვენ არ ვიცით როგორ აღმოჩნდა ბრიტანეთის მოქალაქე ჩეჩენ მებრძოლებთან ერთად ინგუშეთში”, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ.

რუსი სახელმწიფო მოხელეები ირწმუნებიან, რომ ბრიტანელი ჟურნალისტი ჩეჩენ და დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად ინგუშეთში საქართველოდან გადავიდა.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ინგუშეთის სოფელ გალაშკიში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ დაღუპულ მებრძოლებს შორის საქართველოს ერთი მოქალაქეც იმყოფებოდა.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, დაღუპული ქართველი სტუდენტი იყო, რომელიც ბრიტანელ ჟურნალისტს თარჯიმნობას უწევდა.

Back to top button