ახალი ამბები

ევროსტრუქტურები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით სერიოზულად დაინტერესდნენ

(თბილისი, 26 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭო საქართველოში დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს ელჩის რანგში, რომელიც უშუალოდ პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდება. იგი ევროსაბჭოს სათავო ოფისს პერმანენტულად მიაწვდის ინფორმაციას პანკისში მოვლენათა განვითარების შესახებ.

სტრასბურგიდან დაბრუნებულმა დეპუტატმა ზურაბ ჟვანიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ “უახლოეს მომავალში რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო დიალოგი ახალი ფორმატით წარიმართება ევროპის რომელიმე სახელმწიფოში, ევროსაბჭოს ეგიდით და მისი ყველა პოლიტიკური ფრაქციის უშუალო მონაწილეობით”.

ევროპარლამენტის ყოველწლიურ დოკუმენტში, რომელიც ევროპის ერთიან სტრატეგიას განსაზღვრავს, აისახა საქართველოსადმი დამოკიდებულება.

კერძოდ, ევროკავშირი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავებული გამო და მოითხოვს რუსეთის პრეზიდენტისგან, თავი შეიკავოს ცალმხრივი მოქმედებებისგან საქართველოს წინააღმდეგ – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.

ევროკავშირი მოითხოვს ეუთოს ექსპერტებთან ერთად რუსული მხარის ჩართვას სპეციალურ ჯგუფში, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს პანკისის ხეობაში.

მსგავსი/Related

Back to top button