ახალი ამბები

რამსფელდის თქმით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რთული ვითარებაა

(თბილისი, 26 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ვფიქრობ, [რუსეთ-საქართველოს საზღვარზე] რთული მდგომარეობაა. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რომ მათ საზღვარზე ტერორისტები იმყოფებიან, რომლებიც ჩეჩნეთიდან გადმოდიან და შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან”, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა 25 სექტემბერს ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე, იუწყება აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო.

“ასევე აშკარაა, რომ ეს ფაქტი რუსეთისთვის პრობლემას შეადგენს და ის ამით ძლიერ არის შეწუხებული. ეს საკითხი მათ რამდენიმე დღის წინ ჩემთან და სახელმწიფო მდივან პაუელთან შეხვედრისას წამოჭრეს. მათ ამ ვითარებაზე დღეს აქაც, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საბჭოზეც ისაუბრეს”, განაცხადა რამსფელდმა.

მან ასევე ისაუბრა რუსი მაღალჩინოსნების მუქარაზე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტების წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმების განხორციელების თაობაზე.

რამსფელდის თქმით, აშშ-ის პოზიცია ის არის, რომ “მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ საქართველოს სუვერენიტეტს. მისი ტერიროტირიის დაბომბვას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ ვაღიარებთ, თუ რა სირთულეებს უქმნის ეს რუსეთს, მაგრამ სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ადგილები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერ კონტროლდება და სადაც ადამიანები საზღვრების უკონტროლობით სარგებლობენ”.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-იმ “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ფარგლებში უკვე წარგზავნა საქართველოში გარკვეული სამხედრო შენაერთი, რომლის მიზანიც ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გაწვრთნა და მათთვის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა, რათა მოგვიანებით მათ თავად შეძლონ ამ პრობლემის გადაწყვეტა.

“პრეზიდენტმა ბუშმა პრეზიდენტ პუტინს საქართველოს ხელისუფლებასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა. სჯობს, დაველოდოთ და ვნახოთ რამდენად შეძლებენ ისინი [საქართველო] თავი გაართვან ამ სერიოზულ პრობლემას”, განაცხადა დონალდ რამსფელდმა. 

მსგავსი/Related

Back to top button