ახალი ამბები

რუსეთის თქმით, ეუთოს დამკვირვებლები ჩეჩენმა მებრძოლებმა დააკავეს

(თბილისი, 25 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ალექსანდრე იაკოვენკომ ტელეკომაპანია “ორტ”-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის საზღვართან მდგომი ეუთოს სასაზღვრო დამკვირვებლების ჯგუფი ჩეჩენმა მებრძოლებმა დააკავეს.

როგორც საქართველოში ეუთოს მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯაკობ ფოკერმა “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, ეუთოს სასაზღვრო დამკვირვებელთა ჯგუფი “უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა” ინგუშეთის საზღვართან 20 სექტემბერს დააკვეს. ჯაკობ ფოლკერის თქმით, დაკავებულები “ერთ საათზე ნაკლებ დროში გაათავისუფლეს”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თავის მხრივ, ვარაუდი გამოთქვა, რომ ეუთომ სპეციალურად გაახმაურა ეს ინციდენტი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. “ჩეჩენი მებრძოლები მათ შეიძლება დამუქრებოდნენ, რომ შემთხვევის შემდეგ 48 საათის განმავლობაში მომხდარზე არაფერი ეთქვათ.

იაკოვენკოს თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეუთომ საქართველოში შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლების ყოფნა დაადასტურა.

ეუთოს ოფიციალური წარმომადგენელი კი არ აკონკრეტებს, თუ ვინ დააკავა დამკვირვებლები. ჯაკობ ფოლკერის თქმით, “მეტი კომენტარის გაკეთება მის კომპეტენციაში არ შედის”.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ადასტურებს დამკვირვებლების დაკავების ფაქტს, თუმცა შემთხვევის დეტალების გახმაურებისგან ისიც თავს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საზღვრის მონიტორიგისას ეუთოს დამკვირვებლებთან ერთად ქართველი მესაზღვრეებიც იმყოფებიან.

ეუთოს დამკვირვებლები საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე 82-კილომეტრიან ზონას 1999 წლიდან აკონტროლებენ. საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, 2001 წლის დეკემბრიდან სამონიტორინგო ზონა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინგუშეთის მონაკვეთის საზღვარზე 58 კილომეტრით გაიზარდა.

მსგავსი/Related

Back to top button