ახალი ამბები

საქართველო-რუსეთის საზღვართან ოთხი შეიარაღებული პირი დააკავეს

(თბილისი, 25 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართველმა მესაზღვრეებმა 24 სექტემბერს, საღამოს, ოთხი შეიარაღებული პირი დააკავეს, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, მებრძოლები არიან, იუწყება საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი.

“დაკავებულ პირებს თან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. ისინი საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ”, განუცხადა დღეს საზღვრის დაცვის დეპატამენტის პრესმდიმავმა შალვა ლონდარიძემ “სივილ ჯორჯიას”.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დაკავებულთაგან ორი არაბია, რომელთაც თან საფრანგეთის მოქალაქეობის პასპორტები აქვთ, ხოლო დანარჩენი ორი რუსეთის მოქალაქეა.

შალვა ლონდარიძის თქმით, მას არ შეუძლია ამ ინფორმაციის დადასტურება, ვინაიდან ამ დროისთვის დაკავებულების დაკითხვა მიმდინარეობს.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გუშინ ყაზბეგში, სწორედ იქ, სადაც ოთხი პირი დააკავეს, ქართველ მესაზვრეებსა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. დღეს შალვა ლონდარიძე უარყოფს, რომ ეჭვმიტანილები შეიარაღებული შეტაკების შედეგად დააკავეს.

“რა თქმა უნდა, ისინი თავისუფლად არ დანებებულან, თუმცა ოპერაცია მშვიდობიანად განხორციელდა”, განაცხადა შალვა ლონდარიძემ.

ამ წუთისთვის თბილისში წინასწარ პატიმრობაში 13 ჩეჩენი ეროვნების პირი იმყოფება. ქართველმა მესაზღვრეებმა ისინი 3-5 აგვისტოს დააკავეს, როდესაც ისინი რუსეთიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდნენ. რუსეთი მათ ექსტრადიციას დაჟინებით მოითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button