ახალი ამბები

ვაშინგტონში პოლიტიკური ვაჭრობა გრძელდება

აშშ-ს სამხედრო ისტაბლიშმენტი საქართველოში ტერორისტთა ბაზებზე საუბრობს

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლ ვოლფოვიცმა აღნიშნა, რომ საქართველოში არის ტერორისტთა ბანაკები და შეერთებული შტატები თანამშრომლობენ საქართველოსთან ტერორიზმი ეჭვმიტანილთა დევნის მიზნით, მაგრამ “თუ ჩვენ გვაქვს ოპერატიული სადაზვრევო ინფორმაცია, მაგრამ ისინი არ არიან მზად, ჩვენ თავად მოგვიწევს საკითხზე ფიქრი” – დასძინა ვოლფოვიცმა.

“არის ქვეყნები, როგორც მაგალითად იემენი ან საქართველო, სადაც ჩვენ ვიცით, რომ არიან არა მარტო აქტიური ტერორისტები და მათი ბანაკები, არამედ ხალხი, ვინც მათ ხელმძრვანელობს და გეგმებს ადგენს. ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ამ ორივე სახელმწიფოს მთავრობებთან მრავალი მიმართულებით ოპერატიული სადაზვერვო ინფრომაციის მიღების მიზნით” – გდამოსცემს სააგენტო როიტერი თავდაცვის მდივნის სიტყვებს კონგრესისა და სენატის 11 სექტემბრის მოვლენების გამომძიებელი კომიტეტების საერთო მოსმენისას 19 სექტემბერს.

როგორც ქართული, ასევე რუსული მხარეები ამჟამად კონსულტაციებს აწარმოებენ ვაშინგტონთან პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე, სადაც ჩეჩენი მებრძოლები და ტერორისტები იმყოფებიან. 18 სექტემბერს ვაშინგტონში ჩასვლისთანავე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის წარუდგენს აშშ-ს ადმინისტრაციას საქართველოში საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების ყოფნის დამადასტურებელ “უამრავ” მტკიცებულებას.

როგორც საქართველოს სახელმწიფო კანცელარია იტყობინება, ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდიმარე თედო ჯაფარიძე 19 სექტემებერს აშშ-ს ადმინისტრაციის თხოვნის თანახმად ამერიკის დედაქალაქში გაეგმგზავრა. აშკარაა, რომ პანკისის ხეობა მისი ვიზიტის უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ასევე იმყოფება აშშ-ში ქ. ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. 19 სექტემბერს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

ამასობაში რუსეთი განაგრძობს საქართველოზე ზეწოლას სამხედრო ძალისა და მასს მედიის მეშვეობით. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ობიექტებზე პრევენტიული დარტყმების მზადების შესახებ საუბრებს უკვე რეალური ქმედებაც მოჰყვა. როგორც წყაროები იტყობინებიან, რუსები დამატებით ძალებს აგროვებენ საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე სამხედრო საჰაერო ბაზაში. როგორც რუსული მედია უტყობინება 19 სექტემბერს, რუსეთის საჰაერო ძალები საქართველოზე იერიშის მისატანად 10 წუთიან მზადყოფნაში არიან.

ასეთი მზადყოფნის საფუძვლად რუსეთი იყენებს ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე, ჩეჩნეთთან საზღვრის მახლობლად მობილიზებულია 500-მდე ჩეჩენი მებრძოლი. 20 სექტემბერს რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მეთაურის მოადგილემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამ დაჯგუფების ერთი ნაწილი აპირებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლას, ხოლო მეორე ნაწილი – კოდორის ხეობაში გადანაცვლებას.

“ჩვენ არ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას” – განუცხადა საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანმა შალვა ონდარიძემ სივილ ჯორჯიას. ქართველი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთი გეგმავს პროვოკაციებს რათა გაამართლოს თავისი პრევენტიული დარტყმები საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც იქნება სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის აქტი.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button