ახალი ამბები

ქართველი მესაზღვრეები არ ადასტურებენ რეზნიჩენკოს ინფორმაციას

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სასაზღვრო უწყებაში უარყოფენ ინფორმაციას საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთთან ჩეჩენი მებრძოლების 500 კაციანი ჯგუფის კონცენტრირების შესახებ, როგორც ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ნიკოლაი როზნიჩებკომ აცნობა.

“ჩვენ არ ვადასტურებთ ამ ცნობებს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესს-სამსახურის უფროსმა შალვა ლონდარიძემ.

როზნიჩენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ჩეჩენთა ეს დაჯგუფება სამი მიმართულებით მოძრაობს”. “დაჯგუფების ნაწილი ჩეჩნეთსი გადასასვლელად ემზადება, ნაწილი კოდორის ხეობისკენ მიდის, ხოლო მათ, ვისაც ბრძოლა არ უნდა – აზერბაიჯანსა და თურქეთსი მიდის”- აღნიშნა როზნიჩენკომ.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ ე.წ. “უსაფრთხოების ზონის” შექმნის იდეას, შალვა ლონდარიძემ აღნიშნა, რომ რუსეთს თავის ტერიტორიაზე ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს და სავსებით შეუძლია რაიმე ბუფერული ზონის შექმნა.

“ბუფერული ზონა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას ვარაუდობს. ქართული მხარე ასეთ ღონისძიებებს უკვე ატარებს და ბუფერული ზონის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას”, – განაცხადა ლონდარიძემ.

მსგავსი/Related

Back to top button