
ბუში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს მიესალმება
(თბილისი, 19 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 18 სექტემბერს აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა სპენსერ აბრაჰამმა ბაქოში აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადება წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ ის მიესალმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას, რომელიც “უდიდესი მოგების მომტანი ახალი ენერგო დერეფნია აღმოსავლეთსა და დასავლეთის შორის”. ნავთობასადენის მშენებლობის გახსნის ცერემონიალი 18 სექტემბერს გაიმართა ბაქოში. მისი საშუალებით კასპიის ზღვის ნავთობი საქართველოს ტერიტორიას გაივლის და ხმელთაშუა ზღვაზე გავა. ცერემონიალს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტები, ასევე აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი და ნავთობსადენის სპონსორი სხვადასხვა ნავთობკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა მოიწონა “აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის სული და ურთიერთნდობა… რაც სამაგალითო იქნება მათი ახალი პარტნიორებისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის”. “ეს პროექტი ასევე დაამტკიცებს, რომ ენერგორესურსების ათვისებასთან ერთად ჩვენ უმაღლეს ზომებს ვღებულობთ გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ეს ნავთობსადენი ნავთობისთვის უსაფრთხო გზას წარმოადგენს, რომელიც თავს აარიდებს გადატვირთულ ვიწრო ბოსფორის სრუტეს, არ დააზიანებს ბორჯომის ბუნებრივ წყლებს და შექმნის მშენებლობისა და მუშაობის უმაღლეს სტანდარტს შემდგომი, უფრო გრძელმანძილიანი ნავთობსადენის ასაშენებლად”, ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.