ახალი ამბები

ჯორჯ ბუში საქართველოს შანსს აძლევს

ბუშის განცხადება საქართველოზე რუსეთის ზეწოლას ასუსტებს

14 სექტემბერს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მან “ნათლად განუმარტა ქართულ ხელმძღვანელობას, რომ აშშ მოელოდა [ქართული მხარის მიერ] პანკისის ხეობიდან ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტების მთლიანად ამოძირკვას”. პრეზიდენტმა ბუშმა მოუწოდა რუსეთს მიეცა საქართველოსათვის ამ ამოცანის შესრულებსი შანსი. ამასობაში ქართველ სამართალდამცავები ცდილობენ გააბათილონ რუსეთის ბრალდებები, რომ მათი ანტიტერორისტული ოპერაცია პანკისში სინამდვილეში მხოლოდ კარგად დადგმული შოუა, და განაგრძობენ ხეობის სიღრმეში შესვლასა და დიდი რაოდენობით იარაღის ამოღებას.

“მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ რუსეთმა უნდა მისცეს საქართველოს ამ საკითხის გადაწყვეტის შანსი – საკითხისა, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რუსეთისა და აშშ-სათვის – ანუ ალ-ქაიდელი მკვლელების შეპყრობისა და გასამართლების საკითხი” – განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა 14 სექტემბერს კემპ დევიდის რეზიდენციაში იტალიის პრემიერ მინისტრთან სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრის წინ.

ბუშმა დასძინა, რომ მან მოუწოდა პუტინს მისცეს საშუალება ქართველ ძალოვან შენაერთებს შეასრულონ თავიანთი ამოცანა და შეახსენა, რომ აშშ ქართველ დახმარებას უწევს სამხედროებს 64 მილიონ დოლარიანი წრთვნისა და აღჭურვის პროგრამის სახით.

აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარებს წინ უძღვოდა ჟურნალისტის კითხვა საქართველოსადმი პრეზიდენტ პუტინის მიერ წაყენებულ ულტიმატუმზე პანკისის ხეობაზე ცალმხრივად პრევენტიული დარტყმების განხორციელების თაობაზე, თუ საქართველო ვერ შეძლებს ხეობიდან ჩეჩენი მებრძოლებისა და ტერორისტების გაძევებას.

16 სეტქმებერს, ტრადიციულ რადიო ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძე გამოთქვა მადლიერება პრეზიდენტ ბუშისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, საქართველოსადმი სრული მხარდაჭერისათვის და ბუშის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ “საქართველოს შეუძლია მოაგვაროს პანკისის პრობლემა დამოუკიდებლად”.

თბილისმა პუტინის განცხადებას აგრესიის მუქარა უწოდა და პანკისის ხეობაში 25 აგვისტოდან მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის გააქტიურების მიზნით ხეობაში შინაგანი ჯარების დამატებითი დანაყოფები შეიყვანა. შედეგად 14 სექტმებერს სოფელ წინუბანში ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა ერთი ჩეჩენი, რომელიც ეჭვმიტანილია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობის იარაღი, ფეთქებადი მასალები, სამხედრო რუქები და ვაჰაბისტური ლიტერატურა.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ კრიმინალებს მოუწოდა ჩაებარებინათ იარაღი და დანებებულიყვნენ ქართულ მხარეს. მან გამოთქვა იმედი, რომ ოპერაციის შედეგად “კრიმინალები და ნარკოტიკებით მოვაჭრენი აღარ იქნებიან ხეობაში სურ რაღაც ორ-სამ კვირაში”. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული შენაერთებისადმი შეწინააღმდეგებას აზრი არა აქვს.

ედუარდ შევარდნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციის განხორციელება დიდ რისკთანაა დაკავშირებული და არ გამორიცხა კრიმინალებთან სერიოზული შეიარაღებული შეტაკებების ალბათობაც. ასეთი შეტაკების შედეგად 12 სექტმებერს დაჭრილ იქნა სამი ჩეჩენი მებრძოლი. ზოგიერთი გადაუმოწმებელი ინფრომაციით, ინციდენტისას ასევე დაიჭრა რამოდენიმე ქართველი მოსამსახურეც.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button