
შევარდნაძე პოლიციას გაქცეული ჩეჩენის გამო კიცხავს
(თბილისი, 16 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “როდესაც დაჭრილი ადამიანი საავადმყოფოდან გარბის, ეს პოლიციის დოყლაპიობა და უუნარობაა”, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაჭრილი ჩეჩენის ახმეტის საავადმყოფოდან გაქცევაზე საუბრისას. ჩეჩენი ისა მურადოვი 12 სექტემბერს პოლიციასთან შეტაკებისას დაიჭრა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს. მოგვიანებით დაჭრილი საავადმყოფოდან გაიქცა. საპასუხოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ახმეტის პოლიციის უფროსის დაპატიმრების ბრძანება გასცა. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის შს მინისტრს ესაუბრა, რომლისგანაც მიიღო პირობა, რომ დაისჯება ყველა, ვისაც კი დაკავებულის გაქცევასთან ჰქონდა საქმე. ედუარდ შევარდნაძის თქმით, გაქცეული ჩეჩენი კვლავ პანკისის ხეობაშია და სამართალდამცველები მას აუცილებლად დააკავებენ.