ახალი ამბები

პრეზიდენტმა შევარდნაძემ პუტინს წერილი გაუგზავნა

(თბილისი, 14 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს 13 სექტემბერს წერილი გაუგზავნა პუტინის მიერ საქართველოსთვის წაყენებული ულტიმატუმის პასუხად.

შევარდნაძის თქმით, პუტინის მიერ 11 სექტემბერს გაკეთებული განცხადება “სამწუხაროდ, იმას მოწმობს, რომ რეალურ ურთიერთგაგებამდე ჯერ კიდევ შორია”.

“პრობლემები პანკისის ხეობაში ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი ოპერაციის შედეგად წარმოიქმნა იმის გამო, რომ შესაბამისმა რუსულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ვერ შეძლეს, ან უფრო, შეიძლება არ მოინდომეს საომარი მოქმედებების რუსეთის ფარგლებში შეკავება და დაუშვეს კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელება”, – ნათქვამია შევარდნაძის წერილში.

იქმნება შაბეჭდილება, რომ “პანკისის ხეობის თემას ხელოვნურად ასაზრდოებენ საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად და მისი საერთაშორისო ავტორიტეტის შესალახად. როგორც ეტყობა, რუსეთის ხელმძღვანელობას ვერ უპატიებია საქართველოს ხელმძღვანელობისთვის უარის თქმა მისი ტერიტორიის გამოყენებაზე საომარი მოქმედებების საწარმოებლად. მე კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საქართველოს მიერ ასეთ წინადადებაზე უარის თქმამ გახადა შესაძლებელი მთელ კავკასიაში ომის თავიდან აცილება. პირდაპირ ვთქვათ, რომ რუსეთში გარკვეული წრეები აკეთებდნენ და განაგრძობენ ყველაფრის გაკეთებას, რათა საქართველო სისხლისმღვრელ კონფლიქტში ჩაითრიონ”, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი თავის წერილში.

თავისი წერილის ბოლოს, ედუარდ შევარდნაძე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი “არ დაუშვებს დაუფიქრებელ და უსამართლო მოქმედებებს საქართველოს მიმართ”.

მსგავსი/Related

Back to top button