ახალი ამბები

პანკისში ჩეჩენი მებრძოლი დააკავეს

(თბილისი, 13 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გასულ ღამეს მცირე შეიარაღებული შეტაკების შედეგად ერთი ჩეჩენი მებრძოლი იქნა დაკავებული პანკისის ხეობაში. ჩეჩენი მებრძოლი დაჭრილია და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “გეა”.

ქართველმა სამართალდამცველებმა პანკისი ხეობაში განლაგებულ ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტზე მანქანა გააჩერეს და შიგმსხდომთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენა მოთხოვეს. მძღოლმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც იგი ძალით იქნა გარეთ გადმოყვანილი. ამასობაში მანქანაში მყოფებმა ქართველ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპასუხო ცეცხლის შედეგად, სავარაუდოდ, ორი ჩეჩენი დაიჭრა, თუმცა, მათ გაქცევა მოახერხეს. დაკავებულია მხოლოდ ისა მურადოვი, რომელიც 1972 წელს არის დაბადებული.

ამჟამად, ქართველი სამართალდამცველები გაქცეულთა დასაკავებლად ინტენსიურ სამუშაოებს ატარებენ. 

მსგავსი/Related

Back to top button