ახალი ამბები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პუტინის განცხადებას აკრიტიკებს

“ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი რეალობად აქცევს მის განცხადებას და საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენ მებძოლთა წინააღდმეგ ოპერაციას განახორციელებს”, განაცხადა 12 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა, იუწყება “ფრანც-პრესი”.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ შეუვალობასა და ვგმობთ ყველა სახის ერთპიროვნული ოპერაციის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე”, დასძინა მან.

რიკერის თქმით, ამერიკელმა დიპლომატებმა პუტინის შენიშვნასთან დაკავშირებით ვაშინგტონის უკამოყოფილება გამოხატეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რა დონეზე იქნა საკითხი განხილული, იტყობინება “ფრანც-პრესი”.

რიკერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-მა საქართველოს ტერორიზმის დასამარცხებლად სამხედრო დახმარება გამოუყო, მოსკოვს თბილისთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ პანკისის ხეობაში არსებულ პრობლემებს საქართველოს ხელისუფლებამ თავად უნდა მოუაროს”, თქვა მან და დასძინა: “ჩვენ რუსეთს საქართველოსთან თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ, რათა ეს ორივე ქვეყანა ერთობლივი ძალებით გაუმკლავდეს საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეს”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს მიმართვა გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ, თუ საქართველი ვერ შეძლებს პანკისის ხეობაში ტერორისტების განადგურებას, რუსეთი “შესაბამის ზომებს” მიიღებს.

“თუ საქართველო ვერ შეძლებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ტერორისტების გასანადგურებლად და ჩეჩენი მებრძოლები განაგძობენ საქართველოს მხრიდან რუსეთში შემოჭრას, რუსეთი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ტერორიზმის საფრთხის აღსაკვეთად შესაბამის ზომებს მიიღებს”, ნათქვამია პუტინის მიმართვაში.

როგორც აშშ-ში საქართველოს ელჩმა ლევან მიქელაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს განუცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განცხადებაზე იმსჯელეს.

შეხვედრისას ირაკლი მენაღარიშვილმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებისა და საქართველოში შესაძლო რუსული ოპერაციის განხორციელების გამო. მან აშშ-ის პრეზიდენტს პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის შესახებაც აცნობა.

საქართველოს ელჩის თქმით, ჯორჯ ბუშმა მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და იმ ოპერაციის მიმართ, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები პანკისის ხეობაში ატარებენ.

მსგავსი/Related

Back to top button