ახალი ამბები

საქართველო რუსეთს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს

(თბილისი, 13 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “საქართველო დაჟინებით მოუწოდებს რუსულ მხარეს, თავი შეიკავოს მოუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისაგან. ამგვარი ნაბიჯები მხოლოდ დამატებით ნგრევასა და მსხვერპლს მოიტანს, რაც საბოლოო ჯამში კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს და გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს”, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 12 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ გაკეთდა, სადაც პუტინი, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების განხორციელებით იმუქრება.

საქრთველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ “აბსოლუტურად მიუღებელია გაერო-ს 51-ე მუხლის თვითნებური ინტერპრეტაცია, რომელმაც სოჭში გამართულ შეხვედრაზე გაიჟღერა მსგავსი აგრესიული ზრახვების გასამართლებლად”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს გაერო-ს, ეუთო-სა და მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა გადამწყვეტი ზომები მიიღონ კავკასიაში მსგავსი მოვლენების განვითარების თავიდან ასაცილებლად.  

მსგავსი/Related

Back to top button