
თბილისის მერს იმპიჩმენტით ემუქრებიან
პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა და თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, საკრებულოში რეგისტრირებულმა ლეიბორისტული პარტიის დეპუტატთა 13-კაციანმა ჯგუფმა თბილისის მერი ვანო ზოდელავა ქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაში, კორუფციასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულეს. ლეიობორისტები აგრეთვე, მიიჩნევენ, რომ ზოდელავას ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული 2,5 მილიონი ლარის ქონება დაუსაბუთებელი და საეჭვო წარმოშობისაა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ზოდელავას 20-მდე სხვადასხვა ბრალდება წაუყენა. ის აცხადებს, რომ თბილისის მერის საიმპიჩმენტოდ ერთი ბრალდებაც კი უკვე საკმარისია. მისი პარტია, რომელიც მეორედ არჩეულ 49-დეპუტატიან საკრებულოში 13 წევრით არის წარმოდგენილი, საკრებულოს პირველივე სხდომაზე ვანო ზოდელავას იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. მანამადე კი პარტია კონსულტაციებს საკრებულოს სხვა წევრებთან გამართავს. წინასაიმპიჩმენტო პროცედურა დდღეიდან უკვე დაიწყო. იმისათვის, რომ საკითხი საკრებულოში განსახილველად გავიდეს, საკრებულოს 17 წევრის, ხოლო თავად მერის გადასაყენებლად ორიმესამედის თანხმობაა საჭირო. ლეიბორისტები დარწმუნებულნი არიან, რომ პარტიები დედაქალაქის ისტორიაში, პირველად შეძლებენ მერისთვის უნდობლობის გამოცხადებასა და შესაბამისად, იმპიჩმენტის გზით მის თანამდებობიდან ჩამოშორებას. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ 2 ივნისის არჩევნებში ვანო ზოდელავას მხარდამჭერმა პარტიამ მოქალაქეთა კავშირმა ხმების 2,5 პროცენტი მიიღო და მას თბილისელებმა იმპიჩმენტი ამ გზით მოუწყეს. “ჩვენ ხალხი მხარს გვიჭერს, ჩვენ თბილისს იმ ნაგვისგან გავწმენდთ, რასაც შევარდნაძის კორუმპირებული კლანი ჰქვია და რომელსაც ზოდელავაა ამოფარებული” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. თბილისის მერმა მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები იმავე დღეს კატეგორიულად უარყო და მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას პოლიტიკური დაკვეთა უწოდა. ის, როცა ლეიბორისტები იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდიდოდნე, რამოდენიმე საათით მოქალაქეთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფორუმს ესწრებოდა. 46 წლის ვანო ზოდელავა თბილისის მერად 1997 წლის აგვისტოში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სურვილით დაინიშა. მანამადე ის ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო ქალაქის ფოთის მერად მუშაობდა. ვანო ზოდელავა შევარდნაძის გუნდის წევრად მოიაზრება. ის იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, გადაიხედოს საქართველოს კონსტიტუცია და შევარდნაძეს პრეზიდენტობის მესამე ვადით არჩევის საშუალება მიეცეს. ვანო ზოდელავა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიდი სიმპატიებით არ სარგებლობს. ამიტომაც, ლეიბორისტებს ზოდელავას იმპიჩმენტი რთულ საკითხად არ მიაჩნიათ. ამასთანავე, ნათელაშვილის თქმით, თუკი საკითხი ხელოვნურად გაჭიანურდება და მთავრობა მათზე ზემოქმედებას მოახდენს, ლეიბორისტები მერიის წინ მრავალათასიან აქციებს გამართავენ. გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯიაპირველად თბილისის მუნიციპალიტეტის ისტორიაში, დღის წესრიგში მერის იმპიჩმენტის საკითხი დადგა. ამ ინიციატივით თბილისში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული (შრომის) პარტია გამოვიდა.