ახალი ამბები

საპარლამენტო კომისია გურამ შარაძის სარეაბილიტაციოდ ემზადება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 სექტემბერი, 2002) – პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დეპუტატ მიხეილ ოსაძის მეთაურობით დაასრულა მასალების მოძიება პარლამენტარ გურამ შარაძესთან დაკავშირებით, რომელმაც მის მიმართ საბჭოთა უშიშროებასთან საიდუმლო თანამშრომლობისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების გამო წაყენებული ბრალდებების გამო სკანდალურად დატოვა დეპუტატის მანდატი.

ეს ბრალდებები მას არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა საჯაროდ წაუყენეს.

კომისიამ გამოითხოვა მასალები უშიშროების სამნისტროსგან, მისი ამჟამინდელი და ყოფილი ხელმძღვანელებისგან. დეპუტატ ოსაძის თქმით, არანაირი ინფორმაცია გურამ შარაძის საბჭოთა უშიშროებასთან საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ მოძიებული არ იქნა.

რაც შეეხება ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ოსაძის თქმით, ამის გამოძიება პარლამენს კომისიისთვის არ დაუვალებია.

კომისია უახლოს დროში შეიკრიბება და საბოლოო დასკვნას გააკეთებს შარაძის სახელის სარეაბილიტაციოდ.

Back to top button