
ევროკომისია შეშფოთებულია საქართველოს რეპუტაციის გამო
(თბილისი, 20 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ევრკომისიაში სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს რეპუტაციასთან დაკავშირებით თბილისში ბრიტანეთის მოქალაქის პიტერ შოუს გატაცებასტან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის წარმომადგენლის, საგარეო კავშირებზე პასუხისმგებელი პირის კრის პატენის განცხადებაში, რომელიც რუსულმა სააგენტო “რია ნოვოსტი”-მ გაავრცელა.
პიტერ შოუ 2 დღის წინ გაიტაცეს თბილისში იოსებიძის ქუჩიდან. შოუ ასრულებდა მუშაობას საქართველოში აგრობიზნესბანკის შექმნასთან დაკავშირებით და ორი დღის შემდეგ ბრიუსელში უნდა გამგზავრებულიყო.
კრის პატენმა საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებელი მოქმედებებისკენ მოუწოდა. “იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიძიებს ამ შემთხვევას და დამნაშავეებს კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის, ამასთან უზრუნველყოფს შოუს უვნებელ გათავისუფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, პატენმა აღნიშნა, რომ “ბოლო თვეების მანძილზე ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ არის და ამან საქართველოს ხელისუფლების სერიოზული მღელვარება უნდა გამოიწვიოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციასთან დაკავშირებით”.
ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოს პრესიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უზრუნველყოს საქართველოში მომუშავე უცხოეთის მოქალაქეების დაცვის ადეკვატური დონე.
პატენმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში უსაფრთხოების დონე თანდატან იკლებს. 2001 წლის დეკემბერში თბილისში მოკლეს ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი გიუნტერ ბეიხელი. დამნაშავენი ჯერაც არ გაუსამართლებიათ, – ნათქვამია განცხადებაში.