
პარლამენტი გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე რევაზ ადამიას კანდიდატურას განიხილავს
(თბილისი, 20 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 20 ივნისის სხდომაზე პარლამენტი განიხილავს გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე რევაზ ადამიას კანდიდატურას, რომელიც პრეზიდენტმა შევარდნაძემ წარადგინა. რევაზ ადამია ფრაქცია “დემოკრატების” წევრია, რომელიც, ძირითადად, ზურაბ ჟვანიას მომხრეებითაა დაკომპლექტებული.
“რევაზ ადამია ყველაზე ნაკლებად პოლიტიზირებული ადამიანია”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ ედუარდ შევარდნაძემ, როცა გადაწყვეტილება მიიღო ადამიას წარდგენასთან დაკავშირებით.
პარლამენტის სხდომაზე ადამიას დანიშვნასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს ფრაქციებმა “21-ე საუკუნე”, “აღორძინება” და “სოციალისტები”. თუმცა ადამიას კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს პროპრეზიდენტულმა ფრაქციებმა.
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ადამიას კანდიდატურას კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა მხარი ოთხის წინააღმდეგ.
კენჭისყრა ადამიას კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით შედგება პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქციებს შორის დამატებითი კონსულტაციების შემდეგ. სავარაუდოა, რომ ხმების უმრავლესობით პარლამენტი გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე რევაზ ადამიას კანდიდატურას დაამტკიცებს.