ახალი ამბები

ცხინვალიდან მომავალი იარაღით დატვირთული მანქანა დააკავეს

(თბილისი, 18 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს გვიან ღამით სამართალდამცველებმა ნატახტართან იარაღით დატვირთული ავტომანქანა დააკავეს, რომლითაც უშიშროების თანამშრომელს სიმონ მჭედლიძეს და კიდევ ერთ პირვონებას 9 ერთეული რაკეტა და 2 ერთეული ყუმბარმტყორცნი ცხინვალიდან სავარაუდოდ პანკისში გადაჰქონდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მთავარ სამხედრო პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია ორივე პიროვნება.

სიმონ მჭედლიძე უშიშროების სამინისტროს გარე დაცვის მაიორია, ხოლო მეორე დაკავებულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა არ ახმაურებს. ცნობილია მხოლოდ, რომ ის კრიმინალური ავტორიტეტია.

“არ არის გამორიცხული, რომ იარაღის გადატანის ფაქტი სამაჩაბლოში მყოფი რუს სამშვიდობოთა ნაწილიდან ჯარისკაცების დღევანდელ გაქცევასთან იყოს დაკავშირებული”, აცხადებენ სამხედრო პროკურატურაში.

Back to top button