ახალი ამბები

შევარდნაძე: “მოქალაქეთა კავშირი” ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი იყო

(თბილისი, 17 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “მიუხედავად “მოქალაქეთა კავშირში” მომხდარი ცნობილი მოვლენებისა, მაინც არ შეიძლება ამ პარტიას დავუკარგოთ ის დამსახურება, რომელიც მას ქვეყნის წინაშე აქვს. ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი წლების განმავლობაში სწორედ ის იყო”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

1999 წლიდან გასული წლის სექტემბრამდე “მოქალაქეთა კავშირი” პარლამენტში მმართველ პარტიას წარმოადგენდა. თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, “მოქკავშირი” ექვს ნაწილად დაიშალა.

მაისში სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, “მოქალაქეთა კავშირი” ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალაძის მხარდამჭერებს ერგოთ, ხოლო პარტიის სახელით სარგებლობის უფლება ჩამოერთვა მის ოპოზიციონერ ზურაბ ჟვანიას გუნდს.
 
ამ ეტაპზე საპარლამენტო ფრაქციები “თანადგომა”, “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” და “მოქალაქეთა კავშირი” (ლევან მამალაძის ფრთა) კოალიციის შექმნას ცდილობს. ძალაუფლების დაბრუნების მიზნით “მოქკავშირი” პარტიის თავმჯდომარედ სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს იწვევს.

Back to top button