
მოულოდნელი შემოთავაზება
ლეიბორისტები სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობას სთავაზობენ მიხეილ სააკაშვილისადმი შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული ეს წინადადება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ლეიბორისტები და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ხელისუფლებასთან კავშირში ადანაშაულებდნენ და ამ ორი პარტიის თანამშრომლობა, გარკვეულწილად, წარმოუდგენელიც იყო. ამჯერადაც ნათელაშვილის მხრიდან საკუთარი ხმების შეთავაზება მაინც დაპირისპირების ფონზე წარიმართა. “სჯობს მას მხარი დავუჭიროთ, რომ შემდეგ არ თქვან, სააკაშვილს თბილისისა და საქართველოს გადარჩენა შეეძლო და თქვენ [ლეიბორისტებმა] შანსი არ მიეცითო, რის თაობაზეც ნაციონალური მოძრაობა სერიოზულ “პიარს” აწარმოებს,” – ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება 13 ივნისს შალვა ნათელაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი ნათელაშვილის ამ წინადადებას “კონსტრუქციულს” უწოდებს და თანამშრომლობაზე თანხმდება. აქამდე ყველა მოელოდა, რომ ამგვარი წინადადებას არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ არჩევნებში მესამე ადგილზე გასული “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მიიღებდა, რადგან თავად შალვა ნათელაშვილი თავიდანვე აცხადებდა, რომ მას საკრებულოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზია არ ექნებოდა. თავად “ახლების” პოზიცია ახალ ალიანსთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია. რაც შეეხება საკრებულოში არსებულ კიდევ ერთ პარტიას, რომელსაც საკუთარი კანდიდატურა ეყოლება თავმჯდომარის პოსტზე – “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, მიესალმება კოალიციას ნაციონალურ მოძრაობასა და ლეიბორისტებს შორის. “თბილისმა ამ ორ პარტიას დაუჭირა მხარი, შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით, თუ ორივე ერთად იკისრებს პასუხისმგებლობას საკრებულოში არსებულ ვითარებაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, კოალიციები ჩვენ არ გვაწყობდა,” -განუცხადა მრეწველების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ 14 ივნისს “სივილ ჯორჯია”-ს. ლეიბორისტებისთვისა და ნაციონალური მოძრაობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რა პოზიციას დაიკავებენ დანარჩენი პარტიები, რადგან ორივე ერთად საკრებულოში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის (29) შეგროვებას მოახერხებენ. ამას დაემატება სააკაშვილის მოკავშირის ზურაბ ჟვანიას გუნდის კიდევ 4 ხმა, რაც მათ საკრებულოში ნებისმიერი საკითხის დამტკიცების საშუალებას მისცემს. ნათელაშვილის წინადადება, როგორც ჩანს, თავად სააკაშვილისთვისაც მოულოდნელი იყო. იგი ჯერ-ჯერობით კვლავ დეპუტატია და ბოლო პერიოდამდე არც აპირებდა დეპუტატის მანდატის გაცვლას საკრებულოს წევრობაზე. სააკაშვილის განცხადებით, იგი საკრებულოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიდოდა, თუ მისი პარტია უმრავლესობით მოვიდოდა თბილისის მუნიციპალიტეტში და იგი საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა. თუმცა, ლეიბორისტების შემოთავაზების შემდეგ იგი იძულებული იქნება არჩევანი საკრებულოს სასარგებლოდ გააკეთოს. გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯიაადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული ორი კონკურენტი პარტია ერთმანეთს თანამშრომლობას სთავაზობს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მიხეილ სააკაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარ ხმებს დაპირდა.