ახალი ამბები

ვაზიანის სამხედრო ბაზა თურქეთის დახმარებით გაიხსნა

17 ივნისს ვაზიანის სამხედრო ბაზის მზარეულები პირველად მოამზადებენ სადილს არა რუსი სამხედროებისთვის, არამედ ნატოს წევრი და მეგობარი ქვეყნების სამხედრო პერსონალისთვის. მოდერნიზებული ბაზა, რომელიც თბილისთან ძალიან ახლოს მდებარეობს, 4 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა და მზად არის “კოოპერატივ ბესთ ეფორტ – 2002”-ს უმასპინძლოს.

ვაზიანის ბაზა რუსულმა სამხედრო ნაწილებმა 1999 წლის სტამბულის შეთანხმების თანახმად გასული წლის 1 ივლისს დაცალეს. ბაზის სარემონტო სამუშაოები თურქეთის რესპუბლიკამ თავის თავზე აიღო. ბაზის მოდერნიზებასა და ტექნიკურად აღჭურვას 1.5 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, მისი მცირე ბიუჯეტიდან ბაზას 500 ათასი ლარი მოახმარა.

“ძალიან ძლიერი წარმოსახვის უნარი უნდა ჰქონოდა ადამიანს, რომ იმ ჩონჩხებიდან, რაც ჩვენ დაგვხვდა, ობიექტი მიგვეღო”, განაცხადა ბაზის გახსნაზე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ და დასძინა, რომ ერთადერთი ანგარება თურქეთის მხრიდან, რომელიც ამ დახმარების უკან დგას, არის ძლიერი და საკუთარ თავზე დაიმედებული საქართველო.

ვაზიანის სამხედრო ბაზა 2000 ათას სამხედრო მოსამსახურეს იტევს. როგორც საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი ამბობს, ის მომზადებულია იმისათვის, რათა მის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტის წვრთნები ჩატარდეს.

თუმცა შესასვლელში მდგომი ყაზარმები რუსი სამხედროების დროინდელ ბაზას მაინც მოგაგონებენ. ბათქაში ჩამოყრილია, მინები ჩამტვრეული.

ამ შენობების უკან კი საერთაშორისო სტანდარტის ნაგებობებია: სასადილო შემინული ჭერითა და შადრევნით, სამზარეულო, ლაზარეთი უახლესი დანადგარებით, აბაზანა-სამრეცხაო. თანამედროვე სტანდარტების სამხედრო ბაზა ქართველ ჩინოსნებში საზეიმო განწყობას ქმნიდა. “რატომ არ უნდა ვიყო კმაყოფილი, უკეთესი გვაქვს რამე?” – განაცხადა დავით თევზაძემ ჟურნალიტებთან საუბრისას. 

ვაზიანის სამხედრო ბაზის გახსნაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკების თავდაცვის სამინისტროებს შორის ტრადიციული ურთიერთობის განმტკიცების და ქართული არმიის აღმშენებლობაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის დავით თევზაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების საიუბილეო მედლით დააჯილდოვა თურქეთის გენერალური შტაბის ზურგის სამსახურის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი უნალ ონსიფაჰიოღლუ.

“მე რომ აქ ჩამოვედი, არავის სჯეროდა, რომ ამ ბაზისგან რამე გამოვიდოდა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გენერალ-ლეიტენანტმა უნალ ონსიფაჰიოღლუმ. “საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველო ძალიან მნიშნველოვანი ქვეყანაა თურქეთის სტაბილურობისთვის”.

ამ ფაქტზე სამხედრო სფეროში თურქეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებაც მეტყველებს. დღემდე სამხრეთელმა მეზობელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იროკეზის ტიპის 2 ვერტმფრენი და 3 გემი გადმოსცა და მის განვითარებას 28 მილიონი აშშ დოლარი მოახმარა. თურქეთის მხარემ უკვე მოამზადა 1434 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 139 ჯარისკაცის მომზადება ახლაც გრძელდება.

როგორც გენერალ-ლეიტენანტმა ონსიფაჰიოღლუმ აღნიშნა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ თურქეთი საქართველოს ნატოსა და გაეორში მოპოვებულ გამოცდილებას უზიარებს. “გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარება არ მოიცავს მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს. ამაში ჩართულია კავკასიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აშშ-ის წარმომადგენლობაც შედის”, აღნიშნა თურქმა სამხედრო ჩინოსანმა.   

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ვაზიანის სამხედრო ბაზის გახსნა უკვე მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული ჯარის განვითარებაში. “ამ ათი დღის წინ ჩვენ ვესწრებოდით სულ სხვა ცერემონიალს, რომელიც ეძღვნებოდა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” გახსნას, ათი დღის შემდეგ ჩვენ აქვე შევიკრიბებით, რათა აღვნიშნოთ “კოოპერატივ ბესთ ეფორტ”-ის საერთაშორისო წვრთნების გახსნა. დღეს კი შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ჩავიბაროთ რამდენიმე ობიექტი, რომელიც მოვიდა იმ სტანდარტებთან, რომელზეც ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობდით,” განაცხადა განახლებული ბაზის გახსნის ცერემონიალზე დავით თევზაძემ.

ნატოს წევრი და მეგობარი ქვეყნების სამხედრო წვრთნები საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. პირველად ნატოს მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები საქართველოში 2001 წელს ფოთში ჩატარდა. ის ძირითადად საზღვაო და საჰაერო მანევრირებაში ვარჯიშს მოიცავდა. წვრთნები შემოდგომაზეც იგეგმება. ახლა კი, 17-27 ივნისს ნატოს 14 წევრი და პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცები 4 ქართულ ათეულთან ერთად სახმელეთო წვრთნებს გაივლიან. აგვისტოდან ბაზა “საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამას უმასპინძლებს.

მათ შორის არ იქნებიან რუსი ჯარისკაცები. როგორც რუსეთის სამხედრო ატაშემ საქართველოში პოლკოვნიკმა ვალერი ლასტოვსკიმ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რუსეთი ამ წვრთნებს “არა ნეგატიურად, ნეიტრალურად” უყურებს.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button