ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში

თევზაძის მიმართვა სტარტეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრისადმი

ირაკლი არეშიძე ვაშინგტონიდან

7 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე სიტყვით გამოვიდა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის საქართველოს ფორუმზე. გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე ვაშინგტონში იმყოფება, სადაც აშშ-ს უმაღლეს ოფიციალურ პირებთან კონსულტაციებს მართავს “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის თაობაზე.

ფორუმზე დამსწრე აუდიტორიის კითხვები თავდაცვის მინისტრისადმი საკითხების ფართო სპექტრს ეხებოდა, მათ შორის “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამას, ნატო-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის მომავალს, ქართული ჯარის რეფორმას, შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარ საბიუჯეტო პრობლემებს, შეიაღებულ ძალებში კორუფციის აღკვეთის ზომებს, სამხედრო სამსახურში გაწვევას (პროფესიონალური არმიის ჩამოყალიბების პრობლემას) და სეპარატისტების შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონეს.

შეკითხვაზე “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების შესახებ თევზაძემ უპასუხა, რომ “სამწუხაროდ, ჩვენმა რუსმა მეგობრებმა გადაჭარბებული რეაგირება მოახდინეს ამ საკითხის მიმართ”.

რუსული სააგენტო “იტარ-ტას”-ის წარმომადგენელმა გენერალ თევზაძეს პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან დონალდ რამსფელდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, კომენტარი თხოვა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისას ძალის შესაძლო გამოყენების თაობაზე.

თევზაძემ გაიმეორა, რომ “ჩვენ არ გვაქვს მიზეზი აფხაზეთში სამხედრო ძალის შესაყვანად, რაგდან მიმდინარეობს სამშვიდობო პროცესი. ვიდრე არ ამოიწურება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყველა რესურსი, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, ჩვენ არ ვეცდებით პრობლემის ძალის მეშვეობით გადაწყვეტას”.

გასული რამდენიმე კვირისა და თვეების განმავლობაში მრავალმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაზე მკაცრი ზედამხედველობის აუცილებლობა აღნიშნა, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის მხრიდან. აშშ-ს ანალიტიკურ წრეებში სულ უფრო მეტად იხრებიან იმ აზრისკენ, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას ამ პროგრამის ჩაშლა.

დასავლელი დონორების ნდობა ისედაც შერყეულია სხვა სფეროებში დახმარების არასწორი გამოყენების გამო და ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა საქართველოს მიერ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იქნას უზრუნველყოფილი.

ასევე აღინიშნა, რომ ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და, რომ ამ ორგანოს მხრიდან ექსპერტიზა და ზედამხედველობა სამხედრო და უშიშრეობის სფეროებში არასაკმარისად გამოიყენება. კერძოდ, ზოგიერთი ამერიკელი ანალიტიკოსის კრიტიკა ეხებოდა იმ გარემოებას, რომ პარლამენტი გამოიყენება როგორც მხოლოდ ფორმალურად ხელისმომწერი იმ საკანონმდებლო აქტებზე, რომლებიც სამხედრო საკითხებს ეხება და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოამზადა. ასეთი შემთხვევების ერთერთი მაგალითია ბოლოს წარდგენილი წინადადებები სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ. პარლამენტს შეუძლია იკისროს აღმასრულებელი ხელისუფლების თანასწორი უფლებამოსილებები, რათა განახროციელოს უზენაესი კონტროლი სამხედრო საქმეებზე და მეთვალყურეობა გაუწიოს თავდაცვის სამინისრტოს საქმიანობას.

ეს საკითხები არ ყოფილა განხილული დავით თევზაძის გამოსვლისას, მაგრამ არსებული ინფორმაციით, სამხედრო საქმეებში პარლამენტის როლი და “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში გამჭირვალობისა და საპარლამენტო მეთვალყურეობის აუცილებობის საკითხები წამოჭრილი იქნა აშშ-ს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე.

თევზაძის ვიზიტი უკანასკნელ თვეებში ვაშინგტონში საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირების მიერ შესრულებული კიდევ ერთი ვიზიტია. “ახალ მემარჯვენეთა” პარტიის ლიდერები დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ვაშინგტონში სულ რაღაც ერთი კვირით ადრე იმყოფებოდნენ, სადაც ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალურ პირებს, კონგრესის წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ვაშინგტონში თებერვლის თვეში იმყოფებოდა.

 

მსგავსი/Related

Back to top button