ახალი ამბები

ჟვანიას მომხრეები უზენაეს სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ

(თბილისი, 7 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 7 მაისს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მომხრეები სარჩელის შეტანას აპირებენ უზენაეს სასამართლოში თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, რომლის მიხედვითაც “მოქალაქეთა კავშირს” რეგისტრაცია შეუწყდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 29 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, “მოქალაქეთა კავშირი” თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რის გამოც ჟვანიას გუნდის წევრები კარგავენ ადგილებს საკრებულოებსა და ადგილობრივი მმართველობის სხვა ორგანოებში.

პარტიის მომავალთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანია კონსულტაციებს მართავს საქართველოს პრესიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან. ჟვანიას თქმით, ამ მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, იგი არ აპირებს ერთ პარტიაში დარჩენას ქვემო ქართლის გუბერნატორ ლევან მამალაძესთან ერთად.

საოლქო სასამართლოში “მოქალაქეთა კავშირისთვის” რეგისტრაციის შეწყვეტის თხოვნით სარჩელი პრეზიდენტისა და ლევან მამალაძის მომხრემ, პარლამენტის დეპუტატმა გელა კვარაცხელიამ შეიტანა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 8 მაისს იწურება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button