ახალი ამბები

კასპიის ზღვა – “განხეთქილების ვაშლი” რეგიონში

კასპიის სღვისპირა სახელმწიფოების სამიტი მცირე ოპტმიზმის საფუძველს იძლევა

23-24 აპრილს აშხაბადში ჩატარებული სამიტი კასპიის ზღვის ლეგალური სტატუსის შესახებ მონაპირე ქვეყნების დაპირისპირების კიდევ ერთ ფორუმად იქცა. კონკრეტულ შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე სამიტის დამთავრება რეგიონში მომავალი დაპირისპირებისა და გამალებული შეიარაღების შესაძლებლობას რეალურს ხდის, რაც მთელი კასპიისპირა რეგიონზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

კასპიის ზღვის გაყოფისა და ლეგალური სტატუსის საკითხი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა, როდესაც მონაპირე სახელმწიფოების რიცხვი ორიდან (საბჭოთა კავშირი და ირანი) ხუთამდე (რუსეთი, ირანი, აზრებაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი) გაიზარდა.

მნიშვნელოვანი ნავთობსაბადოების აღმოჩენის შემდეგ ძველი დაპირისპირება კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ კვლავ განახლდა. აღნიშნული საკითხი საბჭოთა კავშირსა (რუსეთი) და ირანს შორის 1921 და 1940 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით რეგულირდებოდა, რომლის თანახმად, კასპიის ზღვა, ფაქტობრივად, ტბად განისაზღვრა.

ამგვარი ფორმულირება ეწინააღმდეგებოდა ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებს, რომელთა სანაპიროს სიახლოვეს უზარმაზარი საბადოები იქნა აღმოჩენილი. მათ კასპიის ზღვად გამოცხადებას დაუჭირეს მხარი. ამ შემთხვევაში თითოეულ ქვეყანას საკუთარი საზღვაო აკვატორია მიეკუთვნება.

ირანმა კასპიის ზღვის თანაბარ ეროვნულ სექტორებად დაყოფის წინადადება წამოაყენა. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ყაზახეთი და აზერბაიჯანი. მათი აზრით, ზღვის დაყოფა სანაპირო ზოლის გასწვრივ უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ირანს ზღვის ყველაზე მცირე ნაწილი, დაახლოებით, 12-14% ერგება.

ამასთან ერთად, მიმდინარეობს დავა აზრბაიჯანსა და თურქმენეთის ხელისუფლებას შორის კასპიის ზღვის ცენტრში დიდი ნავთობსაბადოს კუთვნილების შესახებ. ერთიანი შეთანხმების არარსებობის პირობებში თითოეული ქვეყანა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შეეცადა კასპიის ზღვის უზარმაზარი რესურსების (ნავთობი, გაზი და თევზი) გამოყენებას. 2001 წლის ივლისში კი საქმე კინაღამ შეიარაღებულ კოფნლიქტში გადაიზარდა, როდესაც კასპიის ზღვის აკვატორიაში ირანის სასაზღვრო ძალების მიერ აზერბაიჯანელებისა და ბრიტანელების ხომალდი, რომელიც საძიებო სამუშაოებს ასრულებდა, დაკავებული და გაძევებული იქნა.

აშხაბადის სამიტმა აშკარა გახდა დაპირისპირება, რომელიც, ერთი მხრივ, აზერბაჯანისა და ყაზახეთის და მეორე მხრივ, თურქმენეთის ხელისუფლებას შორის არსებობს. აშხაბადში ჩასვლისას აზერაბიჯანისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს მთავრობის მეორეხარისხოვანი წარმომადგენლები დახვდნენ, მაშინ როდესაც რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს თავად თურქმენბაში (საფარმურატ ნიაზოვი) შეეგება.

სამიტი საერთო შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა, რუსეთი, შესაძლოა, შეეცადოს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებას. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის შეთანხება რუსეთსა და ყაზახეთს შორის უკვე არსებობს, რაც 1998 წელს თეირანმა გაერო-შიც კი გააპროტესტა. ახლა პრეზიედენტი პუტინი სამმხრივი შეთანხმების გაფორმებას აპირებს ყაზახეთსა და აზერბაიჯანთან.  მოსკოვის აზრით, კასპიის ზღვის ფსკერი აკვატორიებად უნდა იქნას დაყოფილი, ხოლო წყლის ზედაპირზე მიმოსვლა და სხვა რესურსების გამოყენება ყველა ქვეყნისათვის თავისუფალი უნდა იყოს. ამგვარი ვარიანტი ყველაზე მეტად რუსეთს აძლევს ხელს, რომელსაც კასპიის ზღვაში ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო და სამხედრო ფლოტი ჰყავს.

სამი ქვეყნის პოზიცია სავსებით გასაგებია, რადგან დასავლური ნავთობკომპანიები ყველაზე აქტიურად სწორედ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობენ. ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში აშშ-ის გავლენის მკვეთრი ზრდის გამო, სავარაუდოდ, ამ პროექტების განხორციელებას ხელს ვეღარაფერი შეუშლის. ექსპერტების აზრით, კორუფციისა და კასპიის ზღვის ლეგალური სტატუსის გაურკვევლობის მიუხედავდ, უკვე დაწყებული და ახალი პროექტების განსახორციელებლად მუშაობა კვლავ გაგრძელდება. ეს სასიამოვნო ცნობაა საქართველოსათვის, თუმცა, საჭირო იქნება დიპლომატიის გააქტიურება ჩანაფიქრის რეალურ საქმედ  გადასაქცევად.

სწორედ სამიტის მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს საერთაშორისო ნავთობკორპორაციის პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ნავთობისა და  გაზსადენების მშენებლობასთან დაკავშირებული დეტალები საბოლოოდ დაზუსტდა.

აღსანიშნავია, რომ 29-30 აპრილს ტრაბზონში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება, სადაც ნავთობისა და გაზსადენების უსაფრთხოებასის უზრუნველყოფის საშუალებებზე იმსჯელებენ. ამასთან, სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

მილსადენების სამხრეთულ პროექტებს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც რეგიონში რუსეთისა და ირანის გავლენის შემცირებასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ხარისხის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს აშშ-ის რეგიონულ მოკავშირე თურქეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გზით.

რაც შეეხება, თურქმენეთს, მას კასპიისპირა სახელმწიფოებიდან ყველაზე მცირე ოდენობის ინვესტიცია აქვს მიღებული და ფაქტობრივად, მთლიანად რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ სადენებზე არის დამოკიდებული. ეს კი თურქმენბაშიზე ზეწოლის ძალზე ეფექტური ბერკეტია. სავსებით ბუნებრივი იყო სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ნიაზოვის მიერ გაკეთებული განცხადება თურქმენეთიდან გაზის ავღანეთის გავლით პაკისტანში ექსპორტის თაობაზე. თურქმენბაშის თქმით, ახალ ვითარებაში ეს ნავთობსადენი ავღანეთსა და მთელს რეგიონში სტაბილურობის გარანტი გახდება.

არ არის გამორიცხული, რომ ეს პროექტი რეალურად განხორციელდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერ კიდევ კლინტონის ადმინისტრაციის დროს ამერიკის სანავთობო წრეებში ანალოგიურ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა.

ყველაზე უფრო არახელსაყრელ ვითარებაში ირანი აღმოჩნდა, რომელიც, ფაქტობრივად, გამოთიშულია “დიდი თამაშიდან” და “ბოროტების ღერძის” სახემლწიფოთა შორის არის მოხვედრილი. ირანს რეგიონში, პირველყოვლისა, ეროვნული პერსტიჟი და იდეოლოგიური ინტერესები ამოძრავებს, თუმცა, უკანასკნელ წლებში თეირანის გავლენა მკვეთრად მცირდება.

ეკონომიკური ინტერესები მეორეხარისხოვანია, რადგან სპარსეთის ყურეში გაცილებით დიდი და ადვილად დასამუშავებელი საბადოები გააჩნია. ირანის ხელისუფლება მზად არის საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ხარჯზე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე გავლენა გააძლიეროს. ირანის ხელისუფლებას საკუთარი მდგომარეობის გამოსასწორებლად უზარმაზარი ძალისხმევა და სავარაუდოდ, დათმობებზე წასვლა დასჭირდება. ამის მცდელობად უნდა მივიჩნიოთ ირანის პრეზიდენტის მოჰამად ხათამის 9-დღიანი ოფიციალური ტური ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. 

რაც შეეხება რუსეთს, ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ აქცენტი, ძირითადად, დსთ-ის ქვეყნების რეინტეგრაციაზე კეთდება ენერგეტიკული პროექტებისა და ენერგორესურსების მხრივ მათი მოსკოვზე დამოკიდებულების შენარჩუნებით. ამდენად, სამხრეთული მარშრუტების განვითარებისთვის პრობლემების შექმნა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანად კვლავ დარჩება. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას, 18 აპრილს, ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ “დსთ-ის ქვეყნებთან მუშაობა რუსეთის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია, პრიორიტეტი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტული უპირატესობის მიღწევასთან არის დაკავშირებული’.

თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი ვერ შეძლებს მსგავსი პოლიტიკის ეფექტურად გაგრძელებას. მოსალოდნელია, რომ ამ რეალობის გაცნობიერების შემდეგ ის უფრო აქტიურად ჩაერთვება კასპიისპირეთში სამხრეთული პროექტების განხორციელებაში. მანამადე კი მეტოქეობა და დაპირისპირება კასპიისპირა რეგიონის განუყოფელ ნაწილად დარჩება.

კასპიისპირეთში მოვლენების განვითარებაზე უზარმზარ გავლენას რეგიონის ქვეყნებს შიგნით მიმდინარე პროცესები მოახდენს. სამხრეთი კავკასიის ორ საკვანძო სახელმწიფოში – აზერბაიჯანი და საქართველო – საპარლამენტო და საპრეზიდენტიო არჩევნები ახლოვდება, სადაც განსხვავებული საგარეო-პოლიტიკური ხედვის მქონე პარტიებს შორის დაპირისპრება მატულობს. ამ “დიდ თამაშში” პატარა მოთამაშეებსაც კი უზარმაზარი გავლენა ექნებათ, რადგან რეგიონული სახელმწიფოების ინტერესები მჭიდრო კავშირშია პატარა სახელმწიფოების გადაწყვეტილებებთან.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button