Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსი სამხედროების მტკიცებით ჩეჩნეთში ნაპონვი რაკეტა საქართველოს ეკუთვნის

(თბილისი, 10 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის გაერთიანებული ძალების სარდალმა ჩეჩნეთში გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმირ მოლტენსკოიმ გუშინ, 9 აპრილს, განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში ნაპოვნი “იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

რუსი სამხედროს განცხადებით, საზენიტო დანადგარი საქართველოში საბჭოთა ჯარებმა დატოვეს, როცა ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნიდან გავიდნენ.

ჩეჩენი მებრძოლებისთვის იარაღის მიწოდებაში რუსეთს ადრეც დაუდანაშაულებია ქართული მხარე.

მარტში რუსეთის მაღალჩინოსანმა სამხედრო პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია ჩეჩნეთის ცა-ვედენოს რაიონში “იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარის პოვნის შესახებ, რომელიც თითქოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 5 აპრილს ეს ბრალდება უარყო. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები იგლას ტიპის საზენიტო დანადგარს საერთოდ არ ფლობს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button