ახალი ამბები

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თავი მოიკლა

(თბილისი, 25 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ დილის 11 საათსა და 30 წუთზე სახელმწიფო კანცელარიაში საკუთარ კაბინეტში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მას თავში მოხვედრილი აქვს ერთი ტყვია. ის ჯერ კიდევ დაჭრილი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით, მისი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობს. “მხოლოდ ღმერთს შეუძლია ახლა მისი გადარჩენა. ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა მორალური ტერორის საფუძველზე”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკანასკნელ ხანებში დეპუტატმა ბორის კაკუბავამ ნუგზარ საჯაია აჭარის უზენაესი საბჭოს მეთაურის მკვლელობის მზადებაში დაადანაშაულა.

არსებობს მოსაზრება, რომ თვითმკვლელობა სწორედ ამ დადანაშაულებამ გამოიწვია, თუმცა მანამდე ნუგზარ საჯაიამ უარყო მის მიართ წაყენებული ბრალი და
გენერალური პროკურორისგან მისი გამოძიება მოითხოვა.

კაკუბავას თქმით, მის მიერ საჯაიასადმი წაყენებულ ბრალს
თვითმკვლელობასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ ის დღეს სამ საათზე ნუგზარ საჯაიას უნდა შეხვედროდა. მათ საჯაიას წინააღმდეგ წამოწყებულ საბრალდებო კანპანიაზე უნდა ემსჯელათ.

60 წლის ნუგზარ საჯაია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად 1995 წელს დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button