ახალი ამბები

რუსი სამშვიდობოების საკითხი ერთ კვირაში გადაწყდება

(თბილისი. 5 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც რუსეთის ხელისუფლება თხოვს საქართველოს რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილება დ.ს.თ.-ის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატი 2001 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

დ.ს.თ.-ის აღმასრულებელმა მდივანმა იური იაროვმა 4 იანვარს პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ერთი კვირის შემდეგ მიიღებს, როდესაც ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის თაობაზე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ 30 ნოემბერს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ არ არის საჭირო დ.ს.თ. სამშვიდობო ძალების გაყვანის დაჩქარება. თუმცა მანამდე ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის დადგენილებას მხარი დაუჭირა.

Back to top button