
საპარლამენტო უმრავლესობის დაშლამ პატარა ფრაქციები გააძლიერა
ინტევიუ ზურაბ ტყემალაძესთან, ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარის მოადგილე ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ზურაბ ტყემალაძე “სივილ ჯორჯიასთან” საუბარს საკუთარი ფრაქციის მიზნებითა და ფუნქციებით იწყებს: “საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების განხორციელებით საქართველოში მრეწველობის განვითარებისთვის ნორმალური გარემოს შექმნა, ფრაქცია “მრეწველების” საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა. უნდა მოხდეს მოსახლეობის დასაქმება, რაც საქართველოში საშუალო ფენის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. მისი თქმით ფრაქციას შესწევს ძალა მიაღწიოს ამ მიზანს, განსაკუთრებით კი საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალის შემდეგ. “მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა მისასალმებელია, არა იმიტომ, რომ ის ჩვენი კონკურენტი და მოწინააღმდეგე იყო, არამედ იმიტომ, რომ აღარ მოხდება სხვადასხვა საკითხების ერთპიროვნულად გატანა და დამტკიცება პარლამენტში,” აცხადებს ზურაბ ტყემალაძე. იგი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის არარსებობის პირობებში ყველა ერთმანეთთან თანამშრომლობას შეეცდება. “ამას გარდა, უმრავლესობის დაშლას მოჰყვა ისეთი შედარებით პატარა ფრაქციების მნიშვნელობის გაზრდა როგორიცაა “მრეწველები”. მისი აზრით ამ მოწვევის პარლამენტში ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება საერთოდ არ არის საჭირო. რაც შეეხება ახალი პარლამენტის მოწვევის იდეას, “მრეწველები” ეთანხმებიან დეპუტატთა იმ ნაწილს, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. “ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს ნორმალური საარჩევნო კოდექსი და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შემოღებას უზრუნველყოფს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები,” აცხადებს “მრეწველების” თავმჯდომარის მოადგილე. იგი მიიჩნევს, რომ პარლამენტში ეს პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდება, რადგან არსებობენ დეპუტატები, რომლებიც ვადაზე ადრე თავიანთ ადგილებს ვერ შეელევიან. “ვადამდელი არჩევნების ჩატარება სამ თვეშიცაა შესაძლებელი. ეს პარლამენტის ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა პროცესები ისე ვითარდება, რომ აშკარაა გარკვეული საპარლამენტო დაჯგუფებები საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ყველანაირად აჭიანურებენ, ამიტომ ექვსი თვე მაინც იქნება საჭირო რათა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს,” – აღნიშნავს ზურაბ ტყემალაძე. ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, “მრეწველების” აზრით, ისიც მეტყველებს, რომ არსებული პარლამენტი არ ასახავს მოსახლეობის ინტერესებს, რადგან ბოლო საპარლამენტო არჩევნები უხეში გაყალბებით ჩატარდა. ტყემალაძის აზრით “სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საარჩევნო კოდექსის სასწრაფოდ შეცვლა, რათა მომავალშიც ანალოგიური არ განმეორდეს”. ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარის მოადგილე თვლის, რომ, თუ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება, მაშინ მომავალ პარლამენტში აუცილებელი იქნება ახალი საპარლამენტო უმრავლესობის არსებობა. პარლამენტში შესაძლო ალიანსებზე საუბრისას ზურაბ ტყემალაძე შენიშნავს: “ჩვენ თუ ვინმესთან გავერთიანდებით, ეს მოხდება მხოლოდ კოალიციის სახით. ნებისმიერ ძალასთან შეიძლება თანამშრომლობა, გააჩნია მიზანს. იყო იმაზე საუბარი რომ კოალიცია შეგვექმნა ჟვანიასთან, ახალ აფხაზეთთან და ტრადიციონალისტებთან. მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებთ”. ფრაქცია “მრეწველები” პარლამენტში ბლოკ “მრეწველობა გადაარჩენეს საქართველოს” წარმოადგენს. ბლოკმა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 7% ზე ოდნავ მეტი მიიღო და ზუსტად გადალახა არჩევნებში დაწესებული პროცენტული ბარიერი. ფრაქციაში 15 დეპუტატია გაერთიანებული.