
თბილისი ახალი წლისთვის ემზადება
თბილისი 25 დეკემბრის შობას ნაძვის ხის გარეშე შეხვდა. 20 მეტრიანი ნაძვის ხის კონსტრუქცია თავისუფლების მოედანზე, ახლადაშენებული შადრევნის თავზე, 27 დეკემბერს იდგმება. ეს არის პირველი ხელოვნური ნაძვის ხე, რომელიც თბილისის ცენტრალურ მოედანს დაამშვენებს. ამის მიზეზი ის ბრძანებულება გახდა, რომელიც პრეზიდენტმა შევარდნაძემ რამდენიმე ხნის წინ გამოსცა და რომლის მიხედვითაც ახალ წელს ქალაქში ბუნებრივი ნაძვის ხეების დადგმა აიკრძალა. ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლის კარლო ჩოთირიძის განცხადებით, თავისუფლების მოედანზე აღმართული ნაძვის ხის გარშემო 180 კვადრატული მეტრის ფართობზე ბავშვებისთვის ფიფქებითა და სხვა საახალწლო ილუსტრაციებით გაფორმებული სათამაშო მოედანი მოეწყობა. თავისუფლების მოედანი საახალწლო ღამეს მხოლოდ ნაძვის ხით არ შემოიფარგლება. 31 დეკემბერს, შუაღამის დადგომისთანავე თბილისის მერია ქალაქელებს 20 წუთიანი ფეერვერკების პროგრამას აჩუქებს, რომელიც თბილისის მერიას, თავის მხრივ, თურქეთის ქალაქ ანკარის მერიამ აჩუქა. ანკარის ხელმძღვანელობის წყალობით ამ ტიპის საახალწლო ზეიმი თბილისში შარშანაც მოეწყო. თანხების უქონლობის გამო თბილისის რიგი რაიოები საახალწლოდ გაუფორმებელი დარჩება. მერიის ინიციატივით გირლიანდებითა და ხელოვნური ფიფქებით გაფორმდება ქალაქის მხოლოდ ორი ცენტრალური გამზირი. ასევე გაფორმდება ქალაქში უკვე არსებული რამდენიმე ბუნებრივი ნაძვის ხე. თბილისში საახალწლო კულტურული ღონისძიებების ციკლი 14 დეკემბერს დაიწყო და ის ძველ ახალ წელს – 14 იანვარს დასრულდება. ღონისძიებები ხელოვნების ყველა დარგს მოიცავს. 29 დეკემბერს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება ცნობილი ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის სახელობის ვარსკვლავი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა რაც საახალწლოდ კულტურის სფეროში მოხდება. 27 და 28 დეკემბერს კი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ლიანა ისაკაძის საიუბილეო საღამოები გაიმართება. თუ გასულ წლებში საახალწლო ნაძვის ხის დღესასწაული ბავშვებისთვის მხოლოდ სპორტის სასახლეში და სხვა დაწესებულებებში იმართებოდა, ამჯერად პირველიდან ათი იანვრის ჩათვლით საახალწლო ნაძვის ხე ვაკის პარკში ჩატარდება. ეს იქნება უფასო წარმოდგენა ღია ცის ქვეშ და მასზე დასწრების საშუალება ყველა ბავშვსა და უფროსს ექნება. გარდა ვაკის პარკისა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ამაღლების” დახმარებით, თბილისის მერია 7-დან 13 იანვრის ჩათვლით საახალწლო ნაძვის ხეს უმასპინძლებს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. “ესეც მიღწევაა, ვინაიდან ოპერაში საახალწლო ნაძვის ხის ტრადიცია დაკარგული იყო. ძალიან კარგია, რომ ბავშვი თავიდანვე ეზიარება დიდ ხელოვნებას და ხელოვნების ისეთ დიდ ტაძარში შევა, როგორიც ოპერაა”, აცხადებს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი დავით ოქიტაშვილი. მისი თქმით, თბილისში ახალ წელთან დაკავშირებით ბევრი ახალი და მნიშვნელობანი იდეა არსებობს, რის გამოც კულტურის სამსახური დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. ამას გარდა, წარმოდგენა ჩატარდება ყველა მუნიციპალურ თეატრში. სამეფო უბნის თეატრი, ტრადიციულად, უფასო სპექტაკლს სპეციალურად ჯარისკაცებისთვის გამართავს. ქალაქ თბილისის მერია ახალ წელს ულოცავს ყველას! საინტერესოა თავად რიგითი თბილისელების განწყობა წინასაახალწლო დღეებში – რას ნიშნავს მათთვის ახალი წელი და როგორ აღნიშნავენ ისინი ამ დღესასწაულს? სალომე ჯაში, სივილ ჯორჯიამიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისი ერთდროულად აწევს ქვეყანას, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა და არ ხორციელდება ენერგორესურსებით მისი სრული მომარაგება, საქართველოს დედაქალაქი და თბილისის მერია მაინც ცდილობს ახალ წლისთვის შეძლებისდაგვარად მოემზადოს.
იანვრის დასაწყისში ქარვასლაში საგამოფენო დარბაზში მოეწყობა ახალგაზრდა მხატვართა საშობაო გამოფენა. თბილისის მერიამ დარბაზი მხატვრებს უფასოდ დაუთმო. მსგავსი გამოფენები ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა. ახალგაზრდა მხატვრები ყოველ წელს საშობაოდ ქარვასლაში შეიკრიბებიან.