ახალი ამბები

კომენტარები რუსთავი2-ის კრიზისთან დაკავშირებით

30 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი2-ის ოფისში სახელმწიფო უშიშროების 30-მდე წარმომადგენლის შეჭრამ ხალხის მასობრივი მღელვარება გამოიწვია. 31 სექტემბერს 19 საათისათვის პარლამენტის წინ დაახლოებით 5000-მდე ადამიანია შეკრებილი და ისინი ძალოვანი მინისტრებისა და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვენ. აქციაში პარლამენტარებთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობას არასამთავრობო სექტორის, მასს მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები იღებენ.

შექმნილ ვითარებას “სივილ ჯორჯიას” ვებ გვერდზე შეფასებას აძლევენ შემდეგი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები: გივი თარგამაძე, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ნანა კაკაბაძე, კოტე კემულარია, ნინო ბურჯანაძე, ელენელ თევდორაძე და გია ბარამიძე. ———————-

გივი თარგამაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი”

“რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება ეს იყო პრეზიდენტ შევარდნაძის დაკვეთა, რომლის შემსრულებლები იყვნენ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. უნდა ვივარაუდოთ, რომ იდეა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ ძალოვანი აქციისა ეკუთვნის ბადრი პატარკაცისშილის.

პრეზიდენტის ოჯახისა და თარგამაძე-პატარკაციშვილის წყვილის მიერ მიმდინარეობს ტოტალური შეტავა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. სადაც ჭრის პატარკაციშვილის ფული იქ ფინანსური გარიგებები ხდება, სადაც არა – ამოქმედებას იწყებს თარგამაძის ძალოვანი მეთოდები. სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს ადგილი “რუსთავი 2′-თან მიმართებაში.

ეს იყო სულელური ფორმით განხორციელებული ქმედება და მეორეს მხრივ საშიში მოვლენა. მომხდარი ადასტურებს, რომ ხელისუფლება არის მომაკვდავი. ხელისუფლებას კიდევ აქვს იმედი, რომ თავისუფალი ნების გატეხვა ძალით იქნება შესაძლებელი. ასე რომ არ მოხდეს აუცილებელია ხალხის მხრიდან მასიური და მკაცრი პროტესტი.

ირინა სარიშვილი-ჭანტურია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი

ძალიან სამწუხაროა ის რომ მთელი ოპოზიცია ჩვენს გარდა დადგა ტყუილის გვერდით. იმას რაც ამ ორი დღის განმავლობაში ხდება თავისუფალი სიტყვის დაცვასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს არის ბრძოლა მოქალაქეთა კავშირის სახეცვლილი ფორმით ხელისუფლებაში დასარჩენად.

ამ მოვლნებმა შეიძლება ძალიან ცუდი განვითარება ჰპოვოს თუ მასში თავად პრეზიდენტია დაინტერესებული და თუ არ არის დაინტერესებული ბუნებრივია დედაქალაქში სტაბილურობა უნდა გაამყაროს. არავითარი გადადგომა არცერთი მინისრტის არათუ არ შეიძლება არამედ ეს იქნება ვირთხების გაქცევა ჩასაძრად განწირული გემიდან.

ეს მღელვარება შექმნილია ხელოვნურად, 150 კაცის გულისთვის რუსთაველის გადაკეტვა არ შეიძლება. რათქმაუნდა იქ არის შეკრებილი უამრავი ხალხი, მაგრამ იმათ აწუხებთ საკუთარი პრობლემები და ჰგონიათ რომ ეს პრობლემები ცხვრის ფარასავით დგომით გადაწყდება. რაც უფრო გაჭიმავენ დროს მით უფრო ძნელი გახდება სტაბილიზაციის დამყარება. აფხაზეთზე იქ ვინც დგას როგორც ჩანს არავინ არ ფიქრობს.

ეს არ არის ბუნებრივი მღელვარება, ეს არის ხელოვნური მღელვარება და თუ თვითონ ხელისუფლების წევრები შეწყვეტენ ამ არეულობის პროვოცირებას მერწმუნეთ არავინ არ დარჩება პარლამენტის წინ. ამ მღელვარების უკან კონკრეტულად დგანან ჟვანია სააკაშვილის გუნდი და პრეზიდენტიც თუ იგი მინისტრების გადაყენების გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნანა კაკაბაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის”

ხელისუფლებამ თავდასხმა განახორციელა არა ცალკე აღებულ დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე, არამედ მთლიანად სიტყვის თავისუფლებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მონაპოვარია.

თუ მოსახლეობა დადგება თავის სიმაღლეზე და დაიცავს ამ მონაპოვარს, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება.

არასამთავრობო სექტორის ერთი ჯგუფის კონკრეტული მოთხოვნაა დადგეს ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელობისა და პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო პარლამენტმა გადადგას ყველა ის აუცილებელი ნაბიჯი, რაც ამ პროცედურეს ასამოქმედებლად არის საჭირო.

კოტე კემულარია დეპუტატი, “მოქალაქეთა კავშირის” ყოფილი წევრი

აშკარაა, რომ განვითარებულმა მოვლენები და მოსახლეობის რეაქციამ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობაზე ქვეყანაში ვითარება უნდა შეცვალოს. ვშიშობ, რომ ეს არის სიტუაციის შეცვლის ყველაზე ცუდი ფორმა. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას გონიერი ნაბიჯი და უახლოეს დღეებში თავად შეცვალოს უკეთესობისკენ მდგომარეობა. სხვა შემთხვევაში შესაძლოა მოსახლეობის პროტესტი მასიურ არეულობაში გადაიზარდოს.

პარლამენტმა უკვე მიიღო დაგაწყვეტილება (31 ოქტომბერს) სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც ძალოვანი მინისტრების და ყველა პასუხისმგებელი თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხის იურიდიულ დასაბუთებაზე იმუშავებს.

ნინო ბურჯანაძე დეპუტატი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე   ის რაც ძალოვნებმა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ განახორციელეს იყო ხელისუფლების სიბეცე. ვშიშობ, რომ მასახლეობის სამართლიანი პროტესტი ამასთან დაკავშირებით არ გადაიზარდოს სერიოზულ დესტაბილიზაციაში. კიდევ ერთი დესტაბილიზაცია საქართველოსთვის დამღუპველი იქნება.

პარლამენტი აუცილებლად დააყენებს ძალოვანი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხს. ისინი უნდა დაისაჯონ და ჩვენ მივაღწევთ ამას.

ელენე თევდორაძე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე

ხალხის რეაქციამ “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დამარწმუნა, რომ მოსახლეობა მზად არის დაიცვას სიტყვის თავისუფლება.

უშიშროების მინისტრის მიერ გადაგომის შესახებ განცხადების დაწერა ეს მოსახლეობის გამარჯვებაა. მაგრამ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ჩვენ მოვითხოვთ კახა თარგამაძისა და სხვა პასუხისმგებელი პირების გადადგომასაც.

გია ბარამიძე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე

ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი ეს იყო საქართველოში აბსოლიტური ავტორიტარიზმისა და პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბების  მცდელობა.

პარლამენტმა უნდა დასვას ყვალა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხვი ვინც კი გარეულია ამ საქმეში, თავად პრეზიდენტისაც.

მე კი ვფიქრობ რომ დიდი შანსია პრეზიდენტი გარეული იყოს ამ საქმეში. არ შეიძლება ვიფიქროთ: აი პრეზიდენტი რა ცოდოა, მისი გვერდის ავლით აკეთებენ ძალოვნები უკანონობას. ეს ასე არ არის და პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა ყველაფერი იცის რაც ხდება.  

მსგავსი/Related

Back to top button