ახალი ამბები

ჟვანიას განცხადება “რუსთავი2”-ის კრიზისთან დაკავშირებით

30 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების შეჭრასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებისათვის საგანგებო ბრიფინგი გამართა. ჟვანიას მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცა ქართული ტელეკომპანიების მიერ. გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებას ყოველგვარი რედაქტირების გაერეშე:

“საჭიროდ ჩავთვალე, დღეს, “რუსთავი-2”-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება აუცილებლად გამეკეთებინა. მინდა, ვთხოვო ყველა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელსა და ჟურნალისტს, რომ ეს განცხადება მონტაჟისა და შეკვეცის გარეშე გადასცენ, ვინაიდან, მიმაჩნია, რომ რაც დღეს ხდება, ქვეყნის სამომავლო განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია.

დღეს, ამ წლების განმავლობაში პირველად – პრაქტიკულად უპრეცედენტო, ღია შეტევა განხორციელდა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. იმას, რაც ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ში მოხდა, ვაფასებ, როგორც ერთმნიშვნელოვან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, პოლიტიკურ დევნას.

“რუსთავი-2” დღეს, ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი მასმედიის ლიდერი გახლავთ. ამ ტელეარხის ჟურნალისტების შეფასებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება ან დაეთანხმო ან არა, მაგრამ უცილობელი ფაქტია ის, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მათი აზრი და შეფასება ხელისუფლების ოფიციალური პოზიციისაგან განსხვავებულია. სწორედ ეს გახლავთ თავისუფალი სიტყვისა და საერთოდ, თავისუფლების არსი.

ამ დღეებში, თქვენ აკვირდებოდით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ პირდაპირი მუქარა გამოითქვა.

თუ საუბარია ფინანსურ დარღვევებზე – ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ჩვენი კანონმდებლობით, ერთმნიშვნელოვნად საგადასახადო სამსახურების პრეროგატივას წარმოადგენს. სწორედ ერთ-ორი კვირის წინ, საგადასახადო სამსახურმა “რუსთავი-2”-ის ფინანსური საქმიანობის შემოწმება დაასრულა.  დღეს კი, უშიშროების სამინისტროს საკმაოდ მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები, ჩემდა გასაკვირად, ტელეკომპანიის  ტერიტორიაზე შედიან, ითხოვენ მთელი დოკუმენტაციის გადამოწმებას და სხვა. ეს ბადებს განცდას, რომ საქმე გვაქვს სწორედ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და პოლიტიკურ დევნასთან და სხვა არაფერი.

დიდი მწუხარებით მინდა ავღნიშნო, რომ ის, რასაც ყველანი ბოლო დროის განმავლობაში ვაკვირდებით, გახლავთ კორუფციასთან დეკლარირებული ბრძოლის გადაზრდა სამოქალაქო საზოგადოების, სიტყვის თავისუფლების, საზოგადოდ, თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვინც ეს ბრძოლა დაგეგმა და ახორციელებს, მისი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ქვეყანაში განსხვავებულმა აზრმა აღარ იარსებოს და საბოლოოდ გაბატონდნენ ის კლანები, რომელთაც ეკონომიკაზე კონტროლის ბერკეტები მოიპოვეს. ეს სამწუხაროდ, ის სცენარი გახლავთ, რომელიც ბევრ სახელმწიფოში უკვე გათამაშდა. სწორედ ამიტომ დავიწყე ჩემი განცხადება სიტყვებით: რომ დღევანდელ დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი, როგორი იქნება იგი? დაგვრჩება თუ არა ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების საშუალება? იმის თავისუფლება, რომ თავად განვსაზღვროთ ჩვენი ბედი?

უნდა გითხრათ, რომ ამ აქციას, რომელიც დღეს უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელდა, არ განვიხილავ, როგორც მხოლოდ “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ მიმართულს, ეს ქმედებები მიმართულია იმის წინააღმდეგ, რაც დღევანდელ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი მონაპოვარია: ეს გახლავთ სიტყვის თავისუფლების, თავისუფალი მასმედიის წინააღმდეგ განხორციელებული აქცია. ხოლო, ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა მხრიდან, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ქმედება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფას გადაწყვეტილებად მიმაჩნია.

თუ, ხელისუფლებაში ვინმემ გადაწყვიტა, დაუპირისპირდეს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ მთელს ქართულ საზოგადოებას, მაშინ მე და ჩემი მეგობრები, ჩვენ, ვემიჯნებით ხელისუფლების ამ ნაწილს. თუ, ხელისუფლების გარკვეულ ნაწილს სურს თავის თავსა და საზოგადოებას შორის მიჯნის გავლება, მაშინ ჩვენ მიჯნის იმ მხარეს დავდგებით, სადაც ქართული საზოგადოება დგას. ეს მინდა განვაცხადო ყველას გასაგონად, კატეგორიულად და ცხადად.

დიდი მადლობა, ეს იყო ის, რისი თქმაც დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მსურდა”.

მსგავსი/Related

Back to top button