
რუსეთი და საქართველო ახლებურ ცხოვრებას იწყებენ
“ალია”, “რეზონანსი” რუსეთის სათათბიროს სპიკერმა გენადი სელეზნიოვმა საკმაოდ მძიმე ფონზე მიიპატიჟა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. მიუხედავად ამისა, რუსეთის დუმამ მიიჩნია, რომ ჟვანიას ჩამოსვლისთვის ყველაზე შესაფერისი დრო შეარჩია, წერს “ალია”. მისი აზრით, ამ შეხვედრამ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა ჩააცხრო. სელეზნიოვის განცხადებით, კავკასია უნდა გადაიქცეს მშვიდობის ზონად და არა საომარი მოქმედებების პოლიგონად. ჟვანიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება კავკასიასი ცხელი წერტილების ჩაქრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად. “რეზონანსის” თქმით, “ჟვანია რუსეთს მოეფერა, როდესაც რუსი ჟურნალისტების თანდასწრებით განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთვის პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება”. “ალია” უფრო კორექტულია და აღნიშნავს, რომ “რუსეთი და საქართველო ახლებურ ცხოვრებას იწყებენ”. გაზეთის მოსაზრებას ადასტურებს რუსეთის თითქმის ყველა დეპუტატის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა და საქართველომ აუცილებლად უნდა დაარეგულირონ ურთიერთობები ერთმანეთთან და მათ საკამათო და საჩხუბარი არაფერი აქვთ. “რეზონანსი” აღნიშნავს, რომ ჟვანიას მოსკოვში ვიზიტს დაემთხვა გუდაუთის ბაზიდან რუსული სამხედრო ტექნიკის გაყვანის დაწყება. რუსები გუდაუთაში ჯერ-ჯერობით ტოვებენ 600 კაციან კონტინგენტს. გაზეთის ინფორმაციით, აფხაზეთში რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნის ბედი პუტინისა და შევარდნაძის შეხვედრაზე გაირკვევა. “მოკლედ, ჟვანიას რუსეთის დეპუტატებმა თანამშრომლების ხელი გაუწოდეს”, წერს “ალია”. “რეზონანსი” ერთ პარადოქსულ მომენტს აღნიშნავს: “მოსკოვში მყოფი ქართველი დეპუტატები რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები დათმობაზე მიანიშნებენ. პარალელურად, ოთხ დღეში რუსეთის სახელმწიფო დუმა “შევარდნაძის საკითხის” განიხილავს” (იხ. 26.09.01 ქართული პრესის მიმოხილვა). “ალიას” ინფორმაციით, შეხვედრის დროს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღანელებმა აფხაზეთის სტატუსიც განიხილეს. “რუსეთი მზად არის როგორც გუდაუთის ბაზის გაყვანაზე, ასევე აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრაზე. ყველამ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში განიხილება ფართო უფლებებით”, წერს “ალია”.