ახალი ამბები

რაში სჭირდება საზღვრის დაცვის დეპარტამენტს სამშობიარო სახლი?

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

“პრეზიდენტი, სულ ცოტა, კვირაში ორჯერ მაინც ამცნობს საზოგადოებას ანტიკორუფციული ბრძოლის დაწყებას, მაგრამ მისივე ხელმოწერილი ანტიკორუფციული ღონისძიებები ისევე შეუსრულებელი რჩება, როგორც ნებისმიერი სხვა საპრეზიდენტო განკარგულება”, წერს “დილის გაზეთი”. ამჯერად კანონსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებზე მაღლა თავი ძალოვნებმა დააყენეს (“რეზონანსი”). ისინი, ანტიკორუფციულ საბჭოს გადაწყვეტილებით, საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებს 1 სექტემბრამდე უნდა დამშვიდებოდნენ.

ანტიკორუფციულ საბჭოში გამოგზავნილი ძალოვნებისავე მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინიტროს შვიდი შპს ჰყავს დაქვემდებარებაში, Uუშიშროების სამინისტროს – 2, თავდაცვის სამინისტროს – 16, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს – 2. “დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ ამ სამინისტროების რიგითი თანამშრომლები არ სარგებლობენ ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში არსებული სასტუმროებით, საავადმყოფოებით, თუ სხვა დაწესებულებებით. გაზეთი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ფლობს სამშობიარო სახლს. 

ძალოვნებმა ისიც აღიარეს, რომ შპს-ების მეშვეობით განხორციელებულ ოპერაციებით ხან სახელმწიფო შესყიდვის კანონი ირღვევა და ხანაც არაჯანსაღი მონოპოლიები იქმნება, წერს “დილის გაზეთი”.

“რეზონანსის” ინფორმაციით, ანტიკორუფციული საბჭოსადმი გაგზავნილ თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის წერილში მითითებულია, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია თავდაცვის სამინისტროს გამგეობაში არსებული სამეწარმეო ობიექტების საქმიანობისგან მიღებული მოგება დარჩეს თავდაცვის სამინისტროს სპეცანგარიშზე და მოხმარდეს ისეთი ღონისძიებების დაფინანსებას, რასაც დღევანდელი ბიუჯეტი ვერ სწვდება. სამინისტრო თანახმაა უარი თქვას შპს-თა მართვაზე, თუ თავდაცვის სისტემისთვის აუცილებელი მიმართულებების დაფინანსებას ბიუჯეტი თავის თავზე აიღებს.

Back to top button