ახალი ამბები

რა ხდება აფხაზეთში? (4-6 ოქტომბერი)

 

რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” 4-5 ოქტომბრის ერთერთი მთავარი თემა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებია. რუსული საინფორმაციო სააგენტო ძირითადად აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობებს ეყრდნობა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ინტერფაქსის” გარდა აღნიშნულ თემას დანარჩენი ცნობილი რუსული სააგენტოები ან მცირე ინტენსივობით ან საერთოდ არ აშუქებენ.

“ინტერფაქსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით 3 ოქტომბერს, საღამოს ჩეჩენი და ქართველი “ბოევიკების” 400-500 კაციანმა დაჯგუფებამ გულრიფშის რაიონში მდებარე სოფელი გეორგიევსკოე აიღო. აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი შამბას განცხადებით სოხუმის ხელისუფლებამ სოფელ გეორგიევსკოესთან აფხაზეთის რეგულარული არმიის ნაწილები და მძიმე ტექნიკა გადაისროლა. მისივე თქმით “ბოევიკებმა” გეორგიევსკოე მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, როცა აფხაზებმა ბრძოლაში არტილერია და ჯავშან ტექნიკა გამოიყენეს. თუმცა რუსული ინტერნეტ გაზეთ “გაზეტარუს” ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტიჟემბსკიმ განაცხადა, რომ ბოევიკებმა სოფელი 4 ოქტომბერს გამთენიისას მანამდე დატოვეს, სანამ იქ აბხაზების არტილერია და რეგულარული ნაწილები მივიდოდნენ.

სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიაჩესლავ ანქვაბის განცხადებით “ბოევიკები” უშუალო დახმარებას იღებდნენ და იმართებოდნენ საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან. მისი მტკიცებით შეტაკებების მსვლელობისას დასავლეთ საქართველოში რუსი “ცისფერჩაფხუტიანების” ერთერთ პოსტზე იარაღით დატვირთული 4 ავტომანქანა გააჩერეს, რომლებიც ქართულ-ჩეჩნური შენაერთებისაკენ მიემართებოდნენ.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის მშვიდობის მხარდაჭერის კოლექტიური ძალების მეთაურის გენერალ-მაიორ ნიკოლაი სიდორიჩევის განცხადებით სოფელ გეორგიევკოეს მახლობლად საბრძოლო მოქმედებები 8-9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე ცნობით ამ შეტაკებების შედეგად სამშვიდობო ძალების ორი პოსტი ბლოკირებული აღმოჩნდა, თუმცა მათთან კავშირი რამდენიმე საათში კვლავ აღდგა. სიდორიჩევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილნი.

სააგენტო ინტერფაქსმა 5 ოქტომბერს დილას სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრ ვლადიმერ მიქამბაზე დაყრდნობით გაავცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეჭრილი ჩეჩენი და ქართველი “ბოევიკები” უკან იხევენ ჩრდიოეთით რუსეთის საზღვრის (ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩევო ჩერქეზეთი)  მიმართულებით და მათ აფხაზი სამხედროები დევნიან. მისივე ცნობით “ბოევიკების” რიცხვი კვლავ 400-500 კაცს შეადგენს.

არაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გეორგიევსკოესთან მიმდინარე შეტაკებების შედეგად განადგურებულია რამდენიმე ბოევიკი, ხოლო დაღუპულია ერთი აფხაზი სამხედრო მოსამსახურე, ტყვედ აყვანილია ორი მეომარი, მათ შორის ერთი ქართველი ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქე ჩრდილო კავკასიელი. შამბამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გეორგიევსკოეში აღმოჩენილია “ბოევიკების” მიერ უკანდახევისას მიტოვებული იარაღისა და საბრძოლო მასალების დიდი რაოდენობა. მისივე ცნობით ქართველმა და ჩეჩენმა ტერორისტებმა მძევლად აიყვენეს რამდენიმე მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ბერძენი, რომელიც გეორგიევსკოეში დედის სანახავად კრასნოდარის მხარიდან იყო ჩასული. (აღნიშნული ინფომაცია რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს არ დაუდასტურებიათ).

დღესვე მიქანბამ “ინტერფაქსის” მეშვეობით გაავრცელა ცნობა, რომ შეტაკების დროს ტყვედ აყვანილი ტერორისტების განცხადებით “აფხაზეთში შეჭრისათვის მათ პანკისის ხეობაში არაბი ინსტრუქტორები ამზადებდნენ”. აღნიშნული ციტატა “ინტერფაქსმა” ვებ-გვერდზე სათაურად განათავსა.

4 სექტემბერს გაეროს მისიის ხელმძღვანელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დიტერ ბოდენი აფხაზეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გია არსენიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ბოდენმა დაადასტურა ქართულ-ჩეჩნურ დაჯგუფებასა და აბხაზებს შორის მომხდარი სამხედრო შეტაკება. ქართულმა მხარემ აღნიშნული ინფომაცია უარყო. საგანგებო საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის განცხადებით საქართველოს ხელისუფლება ფლობს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომ ოთხშაბათს 3 ოქტომბერს კოდორის ხეობის ქვემო წელში მართლაც ჰქონდა სროლებს ადგილი, თუმცა იყო თუ არა ეს შეტაკება და დაიღუპა თუ არა ვინმე უცნობია. ჩეჩნურ-ქართული და აფხაზური მხარეების შეტაკების ფაქტს ოფიციალური თბილისი დღემდე არ ადასტურებს.

ქართული მას-მედია თავად შეტაკების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ისიც ძირითადად რუსული სააგენტოების ინფორმაციას ეყრდნობა. მხოლოდ დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გადმოსცა რამდენიმე ქართველი პარტიზანის ინტერვიუ, რომლებიც შეტაკების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა ზუსტად არ იციან მისი დეტალები და შედეგები.

5 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ფართომაშტაბიანი პროვოკაცია მზადდება. საგარეო უწყების მტკიცებით აღნიშნული პროვოკაცია ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება (ედუარდ შევარდნაძე ამჟამად შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება). სამინისტროს წარმომადგენელი კახა სიხარულიძე არ აკონკრეტებს თუ რომელი ძალა დგას ამ პროვოკაციის უკან, თუმცა მინიშნებას აშკარად რუსეთზე აკეთებს. მისივე თქმით მორიგი გართულებების აღსაკვეთად სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს.

დღესვე ქართული საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით სოხუმმა გეორგიევსკოეს შეტაკებასთან დაკავშირებით ახალი ვერსია წამოაყენა, კერძოდ კი სერგეი შამბას განცხადებით ქართველებისა და ჩრდილო კავკასიელების შეიარაღებული ფორმირება შოჭის მიმართულებით აპირებდა გარღვევას. შამბასვე თქმით ამას ამტკიცებენ აფხაზური მხარის მიერ ტყვედ აყვანილი ბოევიკები – ორი ქართველი (“ინტერფაქსის” ცნობით ერთი ქართველი) და ერთი ჩეჩენი. შამბამ “პრაიმ-ნიუს”-თან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ “ბოევიკები” სოჭში პანიკის გამოწვევას გეგმავდნენ. ამ ინფორმაციას ადასტურებს “ინტერფაქსიც”, რომელიც ეყრდნობა სოხუმის მთავრობის პრემიერს ანრი ჯერგენიას. ჯერგენიას განცხადებით საბოლოოდ დადგინდა, რომ 400 კაციან ჩეჩნური დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი. “ისინი გეგმავდნენ თავდაპირველად სოფელ წებელდას დაკავებას, სადაც საბაზო ბანაკს შექმნიდნენ და იქიდან სოჭის მიმართულებითთ ტერორისტული ოპერაციების განხორციელებას შეუდგებოდნენ” – დასძენს ანრი ჯერგენია.

საინტერესოა თავად ჩეჩნების პოზიცია ამ გახმაურებული შეტაკების შესახებ, რომელიც გამოაქვეყნა ინტერნეტგაზეთმა “გაზეტაესენგერუმ”. იჩქერიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით ჩეჩნების აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ არსებული ყველა მითქმა მოთქმა რბილად რომ ვთქვათ უსაფუძვლოა. ინფორმაცია, რომ 7-8 საათიანი ბრძოლების შედეგად აბხაზებმა შეძლეს 500-მდე “კბილებამდე” შეიარაღებული ჩეჩენის დამარცხება და განდევნა “გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სამწუხაროდ რუსებთან ერთად აბხაზებმაც გადაწყვიტეს “ჩეჩნური კარტის” თავის სასარგებლოდ გამოყენება. პრეს-სამსახურის განცხადებით უკეთესი ხომ არ იქნება, რომ რუსებმა ჩეჩნეთში აბხაზები გააგზავნონ თუ ისინი, რუსებისაგან განსხვავებით ასე კარგად უმკლავდებიან ჩეჩნებს.

პრეს ცენტრის განცხადებით რუსების მხრიდან ქართველებისა და ჩეჩნების აფხაზეთში შეჭრის შესახებ პროვოკაცია მიზნად ისახავს მხოლოდ ერთს: ჩაითრიოს კავკასიის ხალხები ურთიერთკონფლიქტებში, მოახდინოს ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლისა და საქართველოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაცია.

Back to top button