ახალი ამბები

რუსეთის პროპაგანდული მანქანა თავდაუზოგავად მუშაობს

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”, “ახალი თაობა”

“საქართველო მორიგ სკანდალს გადავარჩინეო, _ ბრძანა პრეზიდენტმა შევარდნაძემ და ამერიკას მიაშურა. საოცარია, მაგრამ ისევ შეცდა პრეზიდენტი”, წერს “დილის გაზეთი”. “რეზონანსის” პოზიცია ერთგვარი გაგრძელებაა “დილის გაზეთის” მოსაზრებისა: “რუსეთისა და საქართველოს უთიერთობაში დღესაც ტრადიციული სურათია და ტრადიციულად არამომგებიან სიტუაციაშია საქართველოა, რომელსაც ისევ თავის მართლება უწევს”. რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად სდებს ბრალს საქართველოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დესტაბილიზაციის მცდელობაში. თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში სიტუაციის გამწვავებას კავკასიაში რუსეთის ამბიციებს უკავშირებს.

გაზეთი ბრალს სდებს რა რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე პროვოკაციის მოწყობაში, არც საქართველოს მთავრობას ინდობს: “საქართველოს ხელისუფლება გულრიფშში მომხდარი ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ ვერ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხდა და რა ხდება აფხაზეთში”.

რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებას მიაჩნია, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. “რეზონანსის” დასკვნით, აღნიშნულ განცხადებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ რუსეთი “რეგიონში სტაბილიზაცის დასამკვიდრებლად” სერიოზულ ოპერაციას გეგმავს.

“ახალ თაობასთან” საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი დიდ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ღებულობს გუდაუთის სამხედრო ბაზაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ნაწილი. “რუსი სამხედროები, რაღა თქმა უნდა, აფხაზების მხარეს იბრძვიან. გუშინ და გუშინწინ მიმდინარეობდა მათ მიერ საარტილერიო დაბომბვა”, აცხადებს ყარყარაშვილმა. მისი აზრით, რუსების ძალისხმევის შედეგად საქართველომ, შეიძლება, კოდორის ხეობა დაკარგოს, რომელიც ერთადერთი პუნქტია აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება.

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, კი შესაძლოა აფხაზეთში დაწყებულმა საბრძოლო მოქმედებებმა პანკისის ხეობაში გადაინაცვლოს. ფრაქცია “ახალი აფხაზეთის” ლიდერს კი მიაჩნია, რომ ჩრდილოკავკასიელებისაგან შემდგარ ჯგუფში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში ქართველებთან ერთად შევიდა, სწორედ ის ხალხია, რომელიც რვა წლის წინ ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. 

“რეზონანსი” ერთ დასკვნამდე მიდის: “საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემები განსაკუთრებით სახიფათო ჩანს, მაშინ, როცა ნატოს და აშშ-ს უფრო გლობალური პრობლემები აღელვებთ. რუსეთის პროპაგანდული მანქანა თავდაუზოგავად მუშაობს და აგრძელებს საქართველოსთვის ტერორისტული ქვეყნის იმიჯის შექმნას”.

Back to top button