
მთავრობა უძლურია თავიდან აიცილოს რუსეთის აგრესია
“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”, “ახალი თაობა”
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ საქართველოს ხელისუფლებას იმ ცამეტი შეიარაღებული კავკასიელის გადაცემა მოსთხოვა, რომლებიც ა.წ. 8 ივნისს ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ დაკავებულები ჩეჩენი ბოევიკები არიან და მათ მრავალ ტერორისტულ აქტში აქვთ მიღებული მონაწილეობა.
გენერალური პროკურორის პრესმდივანის ცნობით, დაპატიმრებულთა შორის არიან როგორც ჩეჩნები, ისე ყაბარდოელები და რუსები (“რეზონანსი”).
“დილის გაზეთი” მშრალად მიმოიხილავს 13 ბოევიკის რუსეთში ექსტრადიციის საკითხს. მისი ინფორმაციით, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში ექსტრადიციისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი გამოგზავნა.
“რეზონანსის” დამოკიდებულება საკითხისადმი უფრო მწვავეა. “ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სერგეი იასტრჟემბსკის სახით პუტინი საქართველოზე მორიგ ზეწოლას ახორციელებს”, წერს გაზეთი. მისი ინფორმაციით, ქართველ ძალოვნებს არ გააჩნიათ საკმარისი მტკიცებულებები დაკავებულთა ტერორტობის შესახებ. გაზეთს მიაჩნია, რომ, თუ გენერალური პროკურატურა ჩეჩნების ექსტრადიციის საკითხს რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტს, ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ურთიერთობის გამწვავება იქნება მოსალოდნელი.
“რეზონანსი” ვარაუდობს, რომ ცამეტი ე.წ. ტერორისტის საკითხი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის რუსეთში ვიზიტისას გადაწყდა. “ექსპერტთა აზრით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძის მთავრობა უძლურია თავიდან აიცილოს რუსეთის აგრესია და გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა”, წერს გაზეთი.
“ახალი თაობა” მიმოიხილვას ვერსიას საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების ყოფნის თაობაზე. “კოდორის ხეობაში არსებული დაძაბული სიტუაცია ომის წინაპირობად იქნა მიჩნეული. თუმცა ჯერგენია-შევარდნაძის შეხვედრამ ვითარება შედარებით დაარეგულირა. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან”, წერს გაზეთი, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ რუსეთმა ეს განცხადება ირწმუნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ახალი თაობა” პარლამენტარებს კოტე კემულარიას, კობა დავითაშვილს და პეტრე ცისკარიშვილს ესაუბრა. მათი განცხადებით, საქართველოს საზღვრებთან თუ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს დაფარული. “ის, რასაც საქართველოში საიდუმლოს ეძახიან, რუსეთისთვის საიდუმლო არ არის, საიდუმლოა მხოლოდ საზოგადოებისთვის”, განაცხადა კობა დავითაშვილმა. მას მიაჩნია, რომ ის პროვოკაცია, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მოსკოვში დაიგეგმა და მიზნად ისახავს ხელისუფლების პრორუსული ძალებით შეცვლას.