
საფუძველი ეყრება ძალთა ახალ ბალანსს
“დილის გაზეთი”, “რეზონანსი” “მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეობიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომით გამოწვეულმა პოლიტიკურმა მიწისძვრამ საპარლამენტო უმრავლესობა გვარიანად შეაჯანჯღარა და შეაშფოთა”. უკვე დაიწყო მისი სხვადასხვა ფრაქციად დაშლის პროცესი. საფუძველი ეყრება ძალთა ახალ ბალანსს, წერს “დილის გაზეთი”. გაზეთი ერთი ფაქტზე ამახვილებს: ის ძალა, რომელსაც ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისცა ხმა, შესაძლოა საპარლამენტო უმცირესობაში აღმოჩნდეს. “მსგავს ფორს-მაჟორულ სიტუაციებში ცივილიზებულ ქვეყნებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება”, წერს გაზეთი, თუმცა დასძენს, რომ არც ერთ პარლამენტარს არ სურს ვადამდელი არჩევნების გაგონებაც კი. “რეზონანსი” ძირითადად ძალთა ახალ გადანაწილებაზე საუბრობს. გუშინ მოქალაქეთა კავშირი კიდევ ორმა დეპუტატმა, დავით მაღრაძემ და ზაზა დვალმა, დატოვა. უმრავლესობაში 120 დეპუტატი დარჩა, მაშინ, როდესაც არჩევნების შემდეგ მასში 151 დეპუტატი ერთიანდეობდა. “პარლამენტში ამ ორი დეპუტატის სააკაშვილის ფრაქციაში გაწევრიანებას არ გამორიცხავენ”, წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის თანაგუნდელი დეპუტატები რიგრიგობით ტოვებენ ფრაქცია მოქალაქეთა კავშირს. გაზეთს მიაჩნია, რომ “პარლამენტში სააკაშვილის ფრაქციის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო”. “რეზონანსის” ინფორმაციით, უმრავლესობას ტოვებს ფრაქცია მაჟორიტარები. შესაძლოა ეს ფრაქცია ორად გაიყოს, ერთმა ნაწილმა თანამშრომლობა ზურაბ ჟვანიას გუნდთან გააგრძელოს, მეორემ კი – პრეზიდენტთან.