Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს შესაფერისი დასკვნები არასოდეს გამოაქვს

“დილის გაზეთი”

საინფორმაციო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც კინაღამ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა, შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. “მოსკოვმა თბილისი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და საქართველოს ხელისუფლებამაც დაადასტურა მის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების ყოფნის ფაქტი”, წერს “დილის გაზეთი”. აღიარა რა, რომ საქართველოში მართლაც იმყოფებიან ჩეჩენი მებრძოლები, ხელისუფლებამ აღიარა, რომ მოსკოვთან საინფრომაციო ომი წააგო. “თბილისს სჩვევია მოსკოვისთვის რევერანსების გაკეთება, მაშინაც კი, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს”, სხვათა შორის დასძენს გაზეთი.

“დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები მოსკოვის მიერ იყო ინსცენირებული. “ეს იქიდანაც ჩანს, რომ სიტუაციის დაძაბვას (აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების შესვლა) აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სულაც არ შეუშფოთებია… ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ დაგეგმილი პროვოკაცია რუსებს აფხაზეთის ფაქტობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული ჰქონდათ”. აფხაზეთი მზად იყო ეწარმოებინა საბრძოლო მოქმედებები ჩეჩენი ტერორისტების წინააღმდეგ, რათა საერთაშორისო საზოგადოების თვალში მისი ავტორიტეტი ამაღლებულიყო. ყოველივე ეს კი მისი დამოუკიდებლობის ცნობას მოასწავებდა. ასეთია გაზეთის ვარაუდი.

გაზეთი ცდილობს, გააკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება და არა რუსეთი, რაც ქართველ პოლიტიკოსებს ხშირად სჩვევიათ. “მზაკვრობა მოსკოვის მხრიდან მრავლად გვახსოვს, მაგრამ შესაფერისი დასკვნები არასოდეს გამოგვიტანია”, წერს იგი და ასკვნის, რომ საქართველოს არ გააჩნია გამოკვეთილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რომ საქართველომ არ იცის, რა საკითხში შეუტიოს მას და რაში თავი დაიცვას, რა სფეროში ეთანამშრომლოს და რომელში გაემიჯნოს.  

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მრავალი კითხვა დაბადა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით. ქართველი სახელმწიფო მოხელეების მოსკოვში სასწრაფო გამგზავრებებიდან გამომდინარე საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ქართული საგარეო პოლიტიკა დასავლეთიდან რუსეთისკენ იხრება, წერს გაზეთი.    

მსგავსი/Related

Back to top button