ახალი ამბები

ქართველი ძალოვნები რუსეთის პროვოკაციას ხელს უწყობენ

“დილის გაზეთი”, “ახალი თაობა”, “რეზონანსი”

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გუშინ პარლამენტის მსჯელობის საგანი გახდა. “დღის ყველაზე კრიტიკული და მწვავე ვნებები პარლამენტში განვითარდა, სადაც ძალოვანი უწყებები საკანონმდებო ორგანოს წინაშე ახსნა-განმარტებით წარდგნენ”, წერს “დილის გაზეთი”. ოფიციალური ვერსიით ჩეჩნები ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან. გაზეთის აზრით, ამ ტერიტორიაზე მოხვედრის ორი გზა არსებობს. ერთის თანახმად, “ბოევიკები” ჩრდილოკავკასიიდან გადმოვიდნენ, მოსაზრება მეორე გზასთან დაკავშირებით კი ამ ჯგუფის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანაში ქართული მხარის მონაწილეობას გულისხმობს.

“დილის გაზეთი” კონსტიტუციას იშველიებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი საჯარისო გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე ქვეყნის პრეზიდენტთან უნდა იყოს შეთანხმებული. კონსტიტუციის ამ ნორმის დარღვევა არათუ მინისტრის, არამედ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველიც შეიძლება გახდეს. ესე იგი, თუ ჩეჩნები აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხვდნენ, აუცილებელია დადგეს დამნაშავის პასუხილმგებლობის საკითხი. 

“საქართველო რეალურად დღეს საომარ სიტუაციაში იმყოფება. არ გამორიცხავენ იმას, რომ ქართული მხარე ჩათრეულ იქნას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში, კერძოდ, რუსეთმა პროვოკაციული გეგმის განხროციელების თვალსაზრისით, სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანოს საომარი მოქმედება”, წერს “ახალი თაობა”. გაზეთის აზრით, არსებობს საფრთხე, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაში მოექცეს. თუ ასე მოხდა, დამნაშავე ისევ ქართველი მაღალჩინოსნები იქნებიან.

“საქართველოს ხელისუფლების უსუსურმა მოქმედებამ ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ მშვიდობა პუტინის გულმოწყალებაზეა დამოკიდებული”, წერს “რეზონანსი”.

გაზეთი ერთ საინტერესო ფაქტორზე მიუთითებს. ის ამტკიცებს, რომ რვა წლის განმავლოაში (აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციაში არყოფნის პერიოდი) სოხუმისა და თბილისის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ერთმანეთს პირველად ემთხვევა და ასევე პირველად სოხუმის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის მოსკოვის პოზიციასთან. არძინბასა და შევარდნაძის ხელისუფლებამ გუშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი პარტიზანების ყოფნა უარყვეს. რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით კი ჩეჩნებთან ერთად ქართვებიც იბრძოდნენ.

“რატომ ამტკიცებს რუსეთი იმას, რასაც სეპარატისტებიც კი უარყოფენ? – ექსპერტთა აზრით, ასეთი ვითარება იმაზე მიანიშნებს, რომ აფხაზეთში პროვოკაციის მოწყობა სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის”, წერს “რეზონანსი”. ამ პროვოკაციის ხელშეწყობაში კი გაზეთი ქართველ ძალოვნებს ადანაშაულებს.

მსგავსი/Related

Back to top button