ახალი ამბები

“რუსეთი პანკისის ხეობას დაბომბავს” – ვლადიმერ ჟირინოვსკი

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ალია”, “ახალი თაობა”

სამწლიანი კატეგორიული უარყოფის შემდეგ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ პირველად აღიარა საქართველოში შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლებისა და ტერორიზმის არსებობა. საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ცნობით, პანკისსა და სვანეთში კავკასიური წარმოშობის 400-მდე პირია თავმოყრილი. “ქვეყანა ომში ჩათრევის საფრთხის წინაშეა”, წერს “რეზონანსი”. პრესის ცნობით, შეიარაღებულ ჯგუფებს ქართველებიც შრეუერთდნენ. მათი მიზანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებაა.

“საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის ფონზე პრეზიდენტი შევარდნაძე რუსეთთან დათმობებზე წასვლის აუცილებლობაზეც ალაპარაკდა”, წერს “რეზონანსი”. გაზეთის ვარაუდობს, რომ “შევარდნაძეს ეშინია”. საქართველო რომ საომარი მოქმედებების ზღვარზე დგას, ამას უკვე ყველა ადასტურებს.

სამხედრო ოპერაციები არა მარტო აფხაზეთშია მოსალოდნელი. საქართველოს პრეზიდენტის შიშიც ალბათ არ არის უსაფუძვლო, ვინაიდან რუსეთის დუმის წევრი ვლადიმერ ჟირინოვსკი “ალიასთან” საუბრისას პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთი პანკისის ხეობას დაბომბავს. “რეზონანსი” იხსენებს, რომ, საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტს ჩეჩნეთის ომის დროს უკვე ჰქონდა ადილი.

“დილის გაზეთი” საქართველოში შექმნილ მდგომარეობაში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს და მის უსუსურობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მხოლოდ საკუთარი ბედი აინტერესებთ და ნაკლებად ზრუნავენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. გაზეთის არგუმენტი ის არის, რომ საქართველოს მთავრობა მხოლოდ ორი დღეა, რაც ჩეჩენი მებრძოლების საკითხით დაინტერესდა, რუსეთის მხრიდან ბრალდებები კი გაცილებით დიდი ხანია ისმის.

გაზეთის ცნობით, პარლამენტარების საკითხით დაინტერესება იმდენად სპონტანური იყო, რომ ახლა მათ სრული ინფორმაციაც კი არ გააჩნიათ მიმდინარე პროცესებზე და მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან.

გაზეთი საქართველოს ხელისუფლების მორიგი ნაბიჯების შესახებ პარლამენტის წევრთა მოსაზრებებს გვთავაზობს: “ფრაქცია “სოციალისტის” ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა, სხვებისგან განსხვავებით, უფრო დააკონკრეტა თავისი პოზიცია და რუსეთთან ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მშვიდობიანი მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა კოლეგებს. ყოფილმა უშიშროების მინისტრმა ირაკლი ბათაშვილმა კი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს, როგორც ტერორისტების მფარველი ქვეყნის, იმიჯის გაბათილება მიიჩნია აუცილებლად”.

“სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო პოტენცაილი და მიისწრაფვის ძალისმიერი მეთოდებით პრობლემის გადაჭრისაკენ, ეს სახელმწიფო პროვოკატორობს თავისი მოსახლეობის წინაშე”, აცხადებს ოპოზიციის წევრი ვალერი გელბახიანი (“ახალი თაობა”). აშკარაა, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები დეპუტატს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიერ ინსპირირებულად მიაჩნია. 

მსგავსი/Related

Back to top button